იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის 3 თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს
იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის 3 თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს. მათ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა ჰქონდათ დავალებული.
"სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები", - აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
ავტორი: ნიუპრესი