იმერეთში მაღალი რისკის ზონაში 97 დასახლებული პუნქტია
საქართველოს მასშტაბით 744 დასახლებული პუნქტი სტიქიის მაღალი რისკის ზონაშია, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ქვეყანაში არსებული მეწყერსაშიში ზონების შესახებ არის საუბარი. მასში პროგნოზირებულია 2024 წელს მოსალოდნელი სტიქიების არეალები, სადაც საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გეოლოგიური მდგრადობის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყნის ყველა რეგიონი, რაც შეეხება იმერეთს, იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი და 549 დასახლებული პუნქტია, აქედან მაღალი საშიშროების გავრცელების რისკის ზონაში მოქცეულია - 97, საშიშროების საშუალო გავრცელების რისკის ზონაში - 170, დაბალი - 168, ხოლო ძალიან დაბალი - 111 დასახლებული პუნქტი.
ანგარიშის მიხედვით, მხარის ყველა მუნიციპალიტეტისთვის მთავარი საფრთხე მეწყრული პროცესია, რაც საფრთხეს ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის. დოკუმენტში წერია, რომ თუ 2024 წელსმოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური ნორმის შესატყვისი იქნება, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებიც საშუალო ფონური დონის ფარგლებში დარჩება.
ავტორი: ნიუპრესი