პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს განიხილავენ, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასახვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება.
"კანონი ითვალისწინებს ისე როგორც სხვა შემთხვევებში, საკომიტეტო მომსმენას ამ საკითხზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ საკითხი განიხილოს, თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და აგრეთვე, მე თქვენი თანხმობით უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დღეს 18:00 საათზე მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ ერთი საკითხით. სხდომა ჩატარდება ქუთაისში. აქაც მინდა განვმარტო, კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომის გამართვას სხვა ადგილზე, გარდა პარლამენტის კონსტიტუციური ადგილსამყოფელისა, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ვიმყოფებდით. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, რომელსაც თავისი რეჟიმი აქვს, მათ შორის, პარლამენტისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი