ინდოეთის მიმართულებით, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
შესაძლოა, ინდოეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნოს,- ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიამ ინდოეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენების დანიშვნა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორში საქართველოს ჩართვა.
„საუბარი იყო საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო კორიდორი მუმბაი-ვანდერა-ბასი-აზერბაიჯანის მიმართულებით. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის - სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის - პორტებზე და ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე დიალოგის მიზნით უახლოეს მომავალში ჩვენი რკინიგზის წარმომადგენლების ვიზიტი დაიგეგმოს და დაიწყონ ამ თემის შესწავლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ვიზიტის შედეგად რამდენიმე კონკრეტულ ამოცანაზე და მიზანზე იყო საუბარი: "პირველი - ინდოეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოეწერა ხელი. ჩვენ მიზნად დავისახეთ 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხრიდან, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება. ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარით. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა 7.5% იყო. ძალიან დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვნად შეაფასა. მისი თქმით, ამ მიმართლებით ნაბიჯების გადადგმა „ძალიან მალე გვმართებს“.
ავტორი: ნიუპრესი