ირაკლი კიკვაძისა და მერიის ააიპის დავაზე გადაწყვეტილება 8 ივნისს გამოცხადდება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კიკვაძისა და მერიის სპორტის ააიპის საქმის განხილვა დასრულდა. მხარეებმა მოსამართლეს საკუთარი არგუმენტები და საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს.
ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ადვოკატი ნატო გოგიაშვილი იცავს. ირაკლი კიკვაძის მტკიცებით, ააიპის გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძის მიმართ გადაწყვეტილება პირადი დაპირისპირების საფუძველზე გამოიტანა, რის გამოც სამსახურში დანიშვნის შესახებ დაწერილი პირველადი განცხადების დედანი განადგურდა.
ირაკლი კიკვაძის მტკიცებით, ის მერიიდან ააიპში უვადო ხელშეკრულებით გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.
"რადგან მერიაში ჩვენი სამსახური გაუქმდა, რეორგანიზაციის ფარგლებში, თანამშრომლებს დაგვპირდნენ, რომ შესაბამის ააიპებში გადავიდოდით, საუბარი იყო უვადო ხელშეკრულების გაფორმებაზე. მე და ერთი ჩემი თანამშრომელი, როდესაც მივედით ააიპის მმართველ კობა ფხაკაძესთან, მან გაიკვირვა და არც იცოდა, თუ მერია მის ააიპში გვნიშნავდა. ამის შემდეგ, გადარეკა მერიის იურისტთან და მიიღო მითითება, რომ ჩვენ ააიპში უნდა დავნიშნულიყავით. დაგვაწერინესგანცხადება და როდესაც მე წავიკითხე, იქ ეწერა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, რაზეც ვიკითხე, რატომ ხდებოდა ასეთი ფორმით დანიშვნა, ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ უბრალოდ, არსებობდა განცხადების ასეთი ფორმა და ეს ჩვენ არ გვეხებოდა, ამიტომ კობა ფხაკაძისთვის საქმის გაცნობის შემდეგ დაგვაწერინეს მეორე განცხადება და იქ არ არის მითითებული ვადები. სწორედ, ამის საფუძველზე მოხდა ბრძანების შედგენაც, სადაც მითითებული არ არის, რომ გამოსაცდელი ვადით ვინიშნებით. ამაზე არც ყოფილა მათგან შენივნა, უბრალოდ რაღაც პერიოდის შემდეგ მე და კობა ფხაკაძეს მოგვიხდა მცირედი შელაპარაკება, რის გამოც მან ჩემდამი პირადი ინტერესის საფუძველზე გამათავისუფლა. მივმართეთ სასამართლოს და ააიპმა ვერ წარმოადგინა პირვანდელი დაწერილიგანცხადება, რადგან მისი დედანი აღარ არსებობს, არის მხოლოდ მეორე განცხადება, ამით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ სასართლოზე", -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. მისი თქმით, იმის გამო, რომ მეორე განცხადება დაიწერა გამოსაცდელი ვადის გარეშე, კობა ფხაკაძე ცდილობს პასუხისმგებლობა მის დას ნათია კიკვაძეს დააკისროს, რომელიც ააიპის ადმინისტრაციაში მუშაობს.
"თურმე ჩემი დის ბრალი ყოფილა ის, რომ არ არის მითითებული ვადები და ამის გამო კობა ფხაკაძემ მას გაფრთხილება გამოუცხადა", -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ააიპის მმართველის მიერ ხელშეკრულების ზედაპირულად განცობაზე გააკეთა აქცენტი ირაკლი კიკვაძის ადვოკატმაც, მისი თქმით, სასამართლოს არ აინტერესებს ვარაუდები, თუ რა იცოდა მხარეებმა, სასამართლოს აინტერესებს ფაქტები და ფაქტით ცხადი ხდება, რომ კობა ფხაკაძემ მოაწერა ხელი ორივე განცხადებას და როდესაც ხელს აწერდა განცხადებას, მან იცოდა ირაკლი კიკვაძე რომ გამოსაცდელი ვადის გარეშე ინიშნებოდა.
კობა ფხაკაძის ინტერეებს ააიპის ადვოკატი ნინო გაჩეჩილაძე იცავს. მისი მტკიცებით, მომჩივანი მხარე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ირაკლი კიკვაძე ინიშნებოდა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით და სწორედ ამის გამო, დაიწერა მეორე განცხადება. მისი თქმით, პირველ განცხადებაში მითითებული არ იყო გამოსაცდელი ვადა, რაც გახდა მეორე განცხადების დაწერის მიზეზი.
"როდესაც ირაკლი კიკვაძემ დაწერა განცხადება მასში მითითებული არ იყო ვადები, ამიტომ დაიწერა მეორე განცხადება და გაფორმდა ხელშეკრულება 6 თვიან გამოსაცდელ ვადაზე. ამაზე ინფორმირებული იყო მომჩივანიც და მან კარგად იცოდა, რომ ის გამოსაცდელი ვადით ინიშნებოდა. ვადები არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული"-განაცხადა ნინო გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, პირველი განცხადების დედანი დევს საქმეში, თუმცა რატომ არ წარმოადგინეს სასამართლოზე, ამაზე განცხადება არა გაკეთებულა.
ბრალდების მხარე, ასევე სიცრუეს უწოდებს ააიპის ინფორმაციას, თითქოს მას დანიშვნის შესახებ ბრძანება ჩაბარდა. კიკვაძის მტკიცებით, მას ბრძანება არ მიუღია და საერთოდაც ააიპი ამგვარ ბრძანებას არ გასცემს, რაზედაც მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ დანიშვნის ბრძანება ირაკლი კიკვაძეს გაეგზავნა ფოსტით, თუმცა წერილის ნომერი და რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოზე არ იყო წარმოდგენილი.
მოსამართლე დარინა აბულაძემ მხარეთა მოსმენის შემდგომ, საქმის მასალათა განმეორებით გაცნობის მიზნით, საქმეზე გადაწტვეტილების გამოცხადება გადაავადა. განაჩენი 8 ივნისს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ააიპიდან გათავისუფლებული ირაკლი კიკვაძე მის მიმართ კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე საუბრობს და სამსახურში დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი