ირაკლი კობახიძე - ”ნაცმოძრაობის” 30%-იანი რეიტინგი გამორიცხულია, ასეთ დონეზე არ არის დასული ჩვენი საზოგადოება" (R)
”ნაცმოძრაობის” 30%-იანი რეიტინგი გამორიცხულია, ასეთ დონეზე არ არის ჩვენი საზოგადოება დასული, მადლობა ღმერთს”, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი არის ძალიან დაბალი და მოსახლეობის 10-15%-ზე მეტი არ აძლევს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უამრავ ბინძურ დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული.
”ზოგადად, გვარამიას და ”რუსთავი 2”-ის მხრიდან, მისი ხელმძღვანელობით მიჩვეული ვართ სიყალბეს და სიცრუეს, აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მათ შორის ნიკა გვარამიას, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იგი ”რუსთავი 2”-ს მოუწოდებს, გაყალბებული კვლევებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
კობახიძის ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” არჩევნების ანალიზს სხვა მეთოდებით ახორციელებს და შეიძლება ითქვას, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პირველ ადგილზე ყოფნა სიყალბეა.
”ქართული ოცნების” რეიტინგი რამდენჯერმე აღემატება ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს. ეს დადასტურდება საბოლოო ჯამში 8 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამაზე ვსაუბრობდით გარდაბნის არჩევნების დროსაც, მაშინაც მსგავს რეიტინგს დებდა ”რუსთავი 2”, მაშინაც იყო საუბარი, რომ ჩვენ და ”ნაიონალური მოძრაობა” ვიდექით ერთ დონეზე, ნაცმოძრაობის შტაბის უფროსი კირკიტაძე აცხადებდა, რომ გარდაბანში დაიწყებოდა ”ქართული ოცნების” დასასრული, თუმცა მაშინ აღმოჩნდა, რომ სამმაგი მეტობით მოვიგეთ. ახლაც ასე იქნება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ვიდეო
https://www.wetransfer.com/
ავტორი: ნიუპრესი