„Freedom House”-ის ანგარიშის ავტორები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ
„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „Freedom House”-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა დოკუმენტში წარმოდგენილ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.
ამასთან კობახიძის თქმით, „შემაშფოთებელია, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველომ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, თუმცა, ამის ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7 ბალიან შკალაში მხოლოდ საქართველოს რეიტინგი მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული.
მისივე თქმით, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია. ირაკლი კობახიძის თქმით, მედიის თავისუფლების სფეროში 2012წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს.
კობახიძის შეფასებით, „Freedom House”-ის ანგარიშში, ავტორები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ მალავენ.
„ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილსააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ნიუპრესი