"ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი" (R)
"იყავით იმედიანები, რადგან ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი- "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხობში მოსახლეობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა. "აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ნამდვილად მშურს, ქალაქ ხობის თითოეული მოქალაქის, ვინაიდან მათ ეყოლებათ ასეთი ადამიანი საქართველოს პარლამენტში. მე ირაკლის ვიცნობ თითქმის ათი წელია, იგი მუშაობდა საბანკო სექტროში და ყოველთვის ძალიან გამორჩული თანამშრომელი იყო, ყოველთვის იყო ლიდერი იქ სადაც მუშაობდა და იყო ყოველთვის შეუცვლელი იმ ადგილას, სადაც მუშაობდა.ის გახლავთ ძალიან გულისხმიერი ადამიანი და გულისხმიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო მას",-განაცხადა პრემიერმა.
"მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გამცნოთ გარკვეული ცვლილება მოხდა. გოდერძი ბუკიამ, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, გუნდის წევრი, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან იგი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, და ვინაიდან ეს უკავშირდება სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ჩართულობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, თავი შეეკავებინა მაჟორიტარული არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, იგი რჩება ჩვენი გუნდის მხარდამჭერად და მისი აქ ყოფნაც ამის დასტურია. ეს იყო მისი ღირსეული გადაწყვეტილება უმაღლესი ეთიკური ნორმებით ნაკარნახევი და მინდა მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ახალგაზრდებს საკუთარ ბიზნესიდეებს უფინანსებს, ყოველგვარი გირაოს გარეშე.
"გუშინ, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. ჩვენ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დავაჯილდოვეთ მეორე წყება "სტარტაპის" გამარჯვებულების, დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ შეიქმნა და ყველა ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, მათი მშობლების თუ წინაპრების ქონების დაგირავების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო იდეით მოიპოვონ დაფინანსება და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, როდესაც დავაჯილდოვეთ 34 გამარჯვებული ახალგაზრდა და ისინი გახდებიან მეწარმეები. ასევე, სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ 20 მაღალტექნოლოგიური, ახალი იდეის ავტორი ახალგაზრდა. დიდი სიხარულია, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ყველანაირი გირაოს გარეშე წამოიწყონ ბიზნესი. ახლა, მივემგზავრები დარჩელში, სადაც მეწარმეებთან მექნება შეხვედრა. ესენი არიან სრულიად ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი სამთავრობო პროგრამებით მოიპოვეს დაფინანსება და წამოიწყეს ბიზნესი. ეს არის აბსოლუტურად სხვაგვარი ეკონომიკის შექმნა საქართველოში და არის სხვა შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, იყავით იმედიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი. ამის ჩვენ გვჯერა და ეს არის რეალობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ხობის მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმაც მიმართა. "მოგესალმებით, ძვირფასო ხობელებო. ძვირფასო ზუგდიდელებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგენა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს კახი კალაძეს და მთელ მმართველ გუნდს. მეძლევა შესაძლებლობა, ვიყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა მჭირდება. დეპუტატობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვემსახურო მშობლიურ მხარეს, საზოგადოებას, რომელიც ძალიან ძვირფასი და ღირებულია", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
იხილეთ ვიდეო
ავტორი: ნიუპრესი