|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

„როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.

კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა.

საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი