|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კაცხის სვეტი - კლდე, სადაც ბერები მეექვსე საუკუნიდან ცხოვრობენ

კაცხის სვეტი ადგილია, სადაც  მართმადიდებელი ქრისტიანი ბერები მეექვსე საუკუნიდან ცხოვრობენ. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია, გარშემოწერილობა 150 კვ.მ.  

მასზე ასვლა შესაძლებელია სპეციალურად დამონტაჟებული რკინის კიბით, თუმცა არც ისე - იოლი,  რადგან კიბე სალია და პირდაპირ მიუყვება სვეტის კლდეს, რაც გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.

როგორც მონასტრის წინამძღვარმა ილარიონმა, რომელიც 8 წელია აქ ცხოვრობს, გვითხრა,  ეს კიბე რამდენიმე წლის წინ მიაშენეს:

„ადრე როგორ ადიოდნენ, ეს უცნობია. ვარაუდობენ, რომ  სვეტს ბუნებრივად ჰქონდა საფეხურები, იყო მაღალი ხეები, რომლებიც ერთჯერად ასვლას ხელს უწყობდა. მესვეტეობა ისეთი ღვაწლია, მხოლოდ ერთჯერ ასვლა იყო შესაძლებელი და გარდაცვალებამდე იქ რჩებოდნენ“- ამბობს ილარიონი.

წლების განმავლობაში სვეტზე ასვლა შესაძლებელი იყო დაინტერესებული პირებისთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით მასზე ასვლა აიკრძალა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ამჟამად კიბე დაკეტილია და მხოლოდ აქ მოღვაწე ბერებს შეუძლიათ სვეტზე ასვლა.

ასევე უცნობია სვეტის წარმოშობის ისტორია, არსებობს ვარაუდები, რომ სვეტი ბუნებრივად გამოეყო კლდეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან ბუნებრივად ამოიზარდა მიწიდან.

კაცხის სვეტი ბუნების იშვიათი ძეგლია. სვეტის ძირში გვხვდება ქვაში გამოკვეთილი ბოლნური ჯვარი (ქრისტიანული ჯვრის ნაირსახეობა, თანაბარი ზომის ჯვარი, რომელიც ბოლოსკენ ფართოვდება), რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება. ბერების აქ ცხოვრების კვალი მე-18 საუკუნეში იშლება.  კომუნისტრი რეჟიმის დასრულების შემდეგ სვეტის სამონასტრო კომპლექსის ფუნქციონირება აღდგა, აქ მოვიდა ერთ-ერთი ბერი მამა მაქსიმე, რომელმაც ხალხის დახმარებით დაიწყო ყველაფრის აღდგენა.

სვეტის თავზე განთავსებულია ორი მონასტერი, სვეტის ძირას კი წმინდა სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძარი, ირგვლივ ეზოში არის სტუმრებისთვის განკუთვნილი სენაკები, სადაც ნებისმიერ მსურველს /გარდა ქალებისა/ შეუძლია დარჩეს და იცხოვროს რამდენიმე დღით. ასევე არის მუზეუმი, სადაც დამთვალიერებლებს ფოტოსურათების მეშვეობით  შეუძლიათ გაეცნონ, რა ხდება სვეტზე. მონასტრის უკანა მხარეს არის სენაკები, ბერებისთვის განკუთვნილი, სადაც საეროებისთვის გადასვლა შეზღუდულია. სვეტს აქვს გამოქვაბული, რომელიც 35 მეტრია. ამჟამად მონასტერში 8 ბერი  ცხოვრობს.

ეზოს ცენტრში დგას თეთრი ქვა. მონასტრის წინამძღვრის თქმით, არსებობს ვერსია, რომ წარმართობის პერიოდში იქ  მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა.

კაცხი სოფელია საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქ ჭიათურაში. სწორედ, აქედან წარმოდგება სახელწოდება კაცხის სვეტი.

 

ავტორი: ნინო ხიმშიაშვილი, თორნიკე ორბელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა