|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანაფის კონტროლის სააგენტო- მთავრობა ახალ უწყებას ქმნის

კანაფის კონტროლის სააგენტო - ასე ეწოდება სახელმწიფო უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი. სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.

პროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

კანაფის კონტროლის სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს.

განისაზღვრა ასევე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება- 25 ათასი ლარი იქნება. შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით  ცვლილებები “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში.

ავტორი: ნიუპრესი