|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კახიშვილმა დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამომავლო გეგმები წარუდგინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების სამომავლო გეგმებსა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა.

კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იზოლაციის ფუნქციიდან რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების დაცვას უზრუნვეყოფს. მისი თქმით, სისტემა წარმატებით აგრძელებს განვითარებას და არა ერთ ნოვაციურ პროექტს ნერგავს.

მინისტრმა დეპუტატებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანი მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისებაა და, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დასაქმების სანაცვლოდ, მსჯავრდებულებისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე არსებულ დასაქმების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„დასაქმების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში. როდესაც ადამიანი იმყოფება თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მას უნდა შეთავაზო ალტერნატივა, რომ დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით - ერთი,  ეს არის განათლება, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული, მეორე  -  დასაქმება. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სამუშაო კერები შევქნათ დაწესებულებებში. ხელისუფლების მხარდაჭერით, უკვე გვყავს 600-მდე  დასაქმებული მსჯავრდებული, რომელიც ანაზღაურებას იღებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, კახა კახიშვილის თქმით, 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, 2018 წლიდან არა ერთი უპრეცედენტო სიახლე შემოდის, მათ შორისაა: სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელშიც პატიმრები გათავისუფლებისთვის მომზადდებიან; არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმართათვის სასჯელის მოხდის პერიოდში.  

„გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიებს. გარდა ამისა, დროებით დატოვონ დაწესებულება. მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობასაც ვაძლევთ, რაც მეტად  შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდეგ თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, გრძელდება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პატიმართა საშიშროების რისკის განსაზღვრას და მათ შესაბამის დაწესებულებებში განთავსებას გულისხმობს. საშიშროების რიკის სახეებია  - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა საშუალება რისკი შეიმციროს.

დეპუტატებმა სამინისტროს რეფორმები დადებითად შეაფასეს და ახალი ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.



ავტორი: ნიუპრესი