პუშკინის პრემია -კოლაბორაცია თუ კულტურული ურთიერთობები საზღვრის გარეშე?
ქუთაისი მერის მრჩეველს კულტურის საკითხებში, მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საპატიო ქუთაისელს თემურ ლანჩავას რუსეთის მწერალთა კავშირის, მოსკოვის საქალაქო ორგანიზაციამ პუშკინის სახელობის პრემია და ოქროს მედალი მიანიჭა.
თემურ ლანჩავას პრემია ლექსებისათვის მიენიჭა, რომელიც მოსკოვის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა.
თემურ ლანჩავა მრავალი პრემის მფლობელია, მას 20-ზე მეტი პროზაული და 10 პოეტური კრებული აქვს გამოცემული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები. მიღებული აქვს ასევე "კულტურის რაიდნის" წოდება, ბოლო პერიოდში კულტურის სამინისტროსაგან "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიიღო.
ამას დაემატა პუშკინის პრემია, რომლის მიღებასაც არაერთგვაროვანი შესაფება მოყვა პოლიტიკოსებისა და არასამთავობო ორგანიზაციების მხრიდან.
საზოგადოების ერთ ნაწილს არ მიაჩნია სწორად ოკუპანტი ქვეყნიდან მსგავსი ჯილდოს მიღება. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გია თევდორაძის აზრით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახალ ფაზაშია, რუსეთი ცდილობს, რაღაც თავისი კონტაქტებით საქართველოსთან ურთიერთობის გზების გამოძებნას. მისი თქმით, "თუ ეს ფაქტი იყო რუსეთის მიერ ინიცირებული, შეიძლება შეფასდეს რუსეთის მიერ ახალი ურთიერთობის გამოძებნის მცდელობად, მით უმეტეს, მათ ჰყავდათ ძალიან მყარი დასაყრდენი საქართველოში "მეხუთე კოლინის" სახით. თუ აქედან იყო შეხმიანება და რუსულ- ქართული ნოსტალგიური ურთიერთობის მოძებნა, ამას ქვია მხოლოდ ერთი სახელი - კოლაბორაცია. მე ვცდილობ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მოსაზრება დავაფიქსირო - ოკუპანტთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორია აქვს მიტაცებული, რაიმე სახით მათთან თანამშრომლობა გარდა იმისა, რომ მოვთხოვოთ დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიები, ქვია მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი კოლაბორაცია"- განაცხადა გია თევდორაძემ.
მსგავსად ფიქრობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია.
"არ მიმაჩნია სწორად ასეთი ჯილდოს აღება. მე პირადად, ამ ადამიანების ადგილზე უარს ვიტყოდი ოკუპანტი ქვეყნისაგან ნებისმიერი ჯილდოს აღებასა და ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე. ქვეყანას, რომლის ხელისუფლებასაც ჩვენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული, საუკუნეების განმავლობაში ახდენდა ჩვენი ქვეყნის ანექსიას, გააუქმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და უამრავი ზიანი აქვს მოყენებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანია, ქვეყნის დეოკუპაცია და ევროპულ ოჯახში ინტეგრირება, რომელსაც თავისი ქმედებებით აფერხებს ეს ქვეყანა,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მწერალისა და ფილოსოფოსის ტარიელ დათიაშვილის აზრით კი, კულტურულ ურთიერთობებს საზღვარი არ გააჩნია. თუმცა, მისი თქმით, კარგი იქნებოდა თუ ამ ფაქტს ჯილდოს მიმღები ქვეყნის ინტერესების გასაჟღერებლად გამოიყენებდა.
"მწერალთა კავშირებს მაინც შენარჩუნებული აქვს ის ძველი ურთიერთობები, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა. ეკლესიის მსგავსად, ერთიანი ქსელია, რასაც ვერ ავკრძალავთ. ეს კულტურული კავშირები, რომელიც არსებობს რაღაც პოზიტივს მაინც აკეთებს ჩვენთვის. თუმცა ეს პრემია, რომელიც დაიმსახურე და მოგანიჭეს, შეიძლება გამოიყენო შენი ქვეყნის სასარგებლო ინფორმაციის გასაჟღებლად, ან პროტესტისათვის, რა თქმა უნდა, თუკი გაქვს ასეთი, საერთოდ",-განაცხადა დათიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებებისა და განათლებისათვის" გამგეობის თავმჯდომარე ქეთი ბერძენიშვილი კი აცხადებს, პუშკინის პრემია ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, მით უფრო მწერლისთვის.
"როცა საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული და არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ კიდევ მისგან, არა მგონია, ასეთ სიტუაციაში მართებული იყოს რუსული პრემიის მიღება. თუმცა, პუშკინის სახელი ძალიან დიდია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის არ იყო მხოლოდ რუსი მწერალი. ის მსოფლიო დონის შემოქმედი იყო. რუსეთისგან, ქართველის ასეთი "დაფასება", შესაძლოა აპოლიტიკური, მეორე რუსეთად წოდებული, თუნდაც ძველი მეგობრობა-ახლობლობის გამოძახილიც იყოს", -განაცხადა ბერძენიშვილმა.
ქუთაისის ყოფილი მერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით კი, შემაშფოთებელი ის კი არ არის რომ ქართველმა მწერალმა პუშკინის პრემია მიიღო, არამედ ის, რომ ხელისუფლების სამსახურში ჩადგა.
„პირველი, პუშკინი დიდი სიმაღლეა, უდიდესი პოეტია და დიდი პატივია იყო მისი პრემიის ლაურეატი... ვულოცავ ბატონ თემურს, მას ეს პრემია ამაღლებს. მეორე, არ მინდა დავიჯერო, რომ ბატონი თემური მერის მრჩეველია... ნებისმიერი მწერლისათვის ეს მთელ მსოფლიოში დამამცირებელია. სერიოზულ მწერალს არც აკადრებენ ასეთ რამეს და რომ შეთავაზონ, შეურაცხყოფად მიიღებს, უარს ეტყვის... მწერალი თავისუფალი უნდა იყოს სახელისუფლებო წრეებისაგან. ეს ბოლშევიკრ-მასონური პრინციპია: ხელისუფლებასთან დაახლოებით ცნობილი მწერლების, ხელოვნების მოღვაწეების მორჩილად ქცევა... ეს ნამდვილად შეძლო "ოცნებამ" და ამით პროგრესიც შეაჩერა ქვეყანაში. მესამე, რუსეთშიც და საქართველოშიც ინტელიგენციის პოლიტიზების მაღალი დონეა... ინტელიგენცია კი არ კვებავს და მართავს ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლებამ ჯიბეში ჩასმით „დააჩმორა“ ინტელიგენცია. საქართველო - რუსეთის დღევანდელი დამოკიდებულება, ეს უმძიმესი დაპირისპირება-ურთიერთსიძულვილიც ამის შედეგი მგონია. „ჯიბის ინტელიგენციის“ პირობებში ქვეყანაში პროგრესი ვერ იქნება. მე ის კი არ მაწუხებს, რომ ქართველმა მწერალმა პუშკინის პრემია მიიღო(ეს მიხარია), არამედ ის რომ ქართული ინტელიგენცია დუმს, აღარ გამოხატავს ხალხის განწყობას, საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობს და არა ქვეყნის“, -განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
თავად თემურ ლანჩავა აცხადებს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და პრემიის მიღებას დადებითად აფასებს.
„ჩემი ლექსების კრებული დაიბეჭდა რუსეთის ფედერაციის წამყვან ლიტერატურულ გამოცემებში, ჟურნალ-გაზეთებში, რის გამოც გადმომეცა ეს ჯილდო. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც სახელწიფო მოღვაწე, მწერალი ვარ და მწერლები მანიჭებენ ამ პრიზებს. ჩემთვის რუსეთი არის პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვა გამოჩენილი მწერლების ქვეყანა. ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და თუ ვინმე რაიმე პრიზს მომანიჭებს, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იქნება“,- განაცხადა ლანჩავამ.
ქუთაისის მერის მრჩეველისათვის მოსკოვის მიერ პრემიის მინიჭების ფაქტთან დაკავშირებით მერიის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ნიუპრესი