კოლია ქვარიანის ნეშტს სამშობლოში გადმოასვენებენ
"ქუთაისელი ფალავანის - კოლია ქვარიანის გადმოსვენება გადაწყდა და ლეჩხუმელი ფალავანი, რომელიც შეერთებულ შტატებში მიუსაფართა სასაფლაოზე განისვენებდა, სამუდამო, მარადიულ სასუფეველს, მშობლიურ მიწაზე დაიდებს"- ინფორმაციას ქართული ჭიდაობის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.
გადმოსვენების საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის თამაზ გოგიბედაშვილის ინფორმაციით, გადმოსვენება, სავარაუდოდ, 2 მაისისათვის მოხდება. პროცესი ქუთაისის მერიის პატრონაჟით მიმდინარეობს.
კოლია ქვარიანის ნეშტის გადმოსვენებისათვის საჭირო პროცედურები 2016 წელს დაიწყო. საქმეში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქუთაისის თვითმმართველობა, თუმცა, ამ დროისათვის "ნიუპრესმა" მერიიდან პასუხი ვერ მიიღო.
გადმოსვენების შემთხვევაში, კოლია ქვარიანის ნეშტს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაკრძალავენ.
კოლია ქვარიანი 1903 წელს ქუთაისში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლია ქვარიანი 1927 წელს სტალინის დახმარებით წავიდა ამერიკაში და ამერიკის კონტინენტზე ყველა ფალავანს მოუგო ბრძოლა, რის შემდეგ იქ დარჩენა გადაწყვიტა.
კოლია ქვარიანი 1980 წლის 28 თებერვალს ამერიკაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკისა და ნიუჯერსის შტატების საზღვარზე "როუზ ჰილის" ღარიბთა სასაფლაოზე. მოჭიდავის საფლავს 27 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. მას საბოლოოდ ქუთაისელმა ჟურნალისტმა, მანუჩარ კაჭახიძემ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია.
ქუთაისს ლეგენდარული მოჭიდავე კოლია ქვარიანი უბრუნდება
კოლია ქვარიანს მწვანეყვავილას პანთეონში დაასაფლავებენ
ავტორი: ხატია ბანძელაძე