"კონსერვატორები" უმრავლესობაში რჩებიან
"კონსერვატიული პარტია" უმრავლესობაში რჩება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, კოალიციის დაშლის მიუხედავად, პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წელს კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატების განსახორციელებლად. ჩვენი ყველა მომავალი მოქმედების განხორციელება თანხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფობრივ ინტერესთან და უპირველესად ევროპაში ინტეგრაციის პროცესთან, ასევე დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებასთან", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს ის მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.
კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში თითქმის ორ საათს გრძელდებოდა.
ავტორი: ნიუპრესი