|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კრიტიკული მედია ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ - სარჩელის განხილვა იწყება

2025 წლის 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. “რუსული კანონის საქმეზე” 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი დახმარებით, მედიის წარმომადგენლები ამ გზითაც აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების და პროფესიული უფლებების დასაცავად
სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მოვლენებისას ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი. სახელწიფოს წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი უკანონობა: ზეწოლა, აგრესია, ასევე სპეციალური საშუალებების — წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის — გამოყენება ადასტურებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “მედიაომბუდსმენის” მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ
სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის
საქმის დამატებითი დეტალები დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ზიანის შესახებ ხელმისაწვდომია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში. წარმოდგენილი დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობას და მათ საზოგადოებრივ პროცესებში გადამწყვეტ როლს. ლინკი: https://bit.ly/3D6vpd2
 
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს "მედიაომბუდსმენის" იურისტი ილონა დიასამიძე. 

ავტორი: ნიუპრესი