|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქუთაისში სწავლებებს მართავს

  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დოკუმენტირება,  კულტურული მემკვიდრეობის GIS პორტალი, რეგიონებიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რესურსების შესახებ მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის განთავსება- ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისში სწავლებები იმართება. 

  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწავლების სპეციალიზირებული კურსის მიზნობრივი აუდიტორია პირველ ეტაპზე ქ. ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალური უწყებების თანამშრომლები და ქ. ქუთაისში განთავსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამუზეუმო გაერთიანებების წარმომადგენლები არიან. მათთვის ტრენინგების კომპლექსური კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის მიერ მომზადდა.

  სწავლებებში სააგენტოს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ექსპერტ-ტრენერების სახით ურბანისტიკის, არქიტექტურის, არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგების წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების ექსპერტები, GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) სპეციალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას საქართველოში დაფუძნებული პოლონეთის ინსტიტუტის დირექტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებიან.      

  კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და GIS პორტალი წარმოადგენს ინოვაციურ, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სისტემას,  რომელიც სახლემწიფო ორგანიზაციებს, კერძო სტრუქტურებსა და ფიზიკურ პირებს კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახლებურ, სტრუქტურიზებულ საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს.

  სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების მიერ უკვე ხორციელდება კომპლექსური ინფორმაციის მოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების, მათი ზუსტი ლოკაციების, ტერიტორიების და მათზე არსებული დოკუმენტაციის შესახებ,  რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე, თუ დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო და განვითარების პროექტების სწორად მართვას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში.

   აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური მონაცემთა ბაზა და GIS პორტალი  კულტურული  მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების აღწერის, მონიტორინგის, ინფორმაციის სისტემატიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების ეფექტური მართვის, ცენტრსა და რეგიონებს შორის კავშირის და ინფორმაციის გაზიარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

  ქუთაისში სწავლებები 18 ივნისიდან  2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  სამომავლოდ დაგეგმილია მსგავსი სწავლებების ჩატარება სააგენტოს სხვადასხვა მუზეუმ-ნაკრძალებში რეგიონების მიხედვით. 

ტრენინგები ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „საქართვე­ლოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის შექმნა და განვითარება“ საფუძველზე ხორციელდება. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი