კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათის "ხარაჩოებზე ასასვლელს" კეტავს
"გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება,“ - ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, „ევროპა ჩვენი სახლიას“ წევრმა, თორნიკე ბარათაშვილმა ვიდეო გავარცელა, რომელშიც ჩანს ტაძარში არსებული მდგომარეობა.
ამასთან, სააგენტო ფრესკების ჩამოშლაში თავად ბარათაშვილს ადანაშაულებს.
"ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.
არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების არასათანადოდ ჩატარების გამო ტაძარში ნალექები ჩაედინება, რის გამოც საფრთხის ქვეშაა უნიკალური მხატვრობა. საკითხი სწორედ "ევროპა ჩვენი სახლიას" აქტიურობის შედეგად მოექცა საზოგადოების ყუტადღების ცენტრში.
ავტორი: ნიუპრესი