კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას - ირაკლი კობახიძე
მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში
„პარლამენტმა მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომ საპილოტე რეჟიმში დაიწყება წელსვე. წელს უნდა დაიწყოს უნივერსიტეტების სულ მცირე 3000 კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, - აღნიშნა კობახიძემ.
ავტორი: ნიუპრესი