"ლელო" მთავრობას გერმანიაში ჩარჩენილი სტუდენტების დახმარებას თხოვს
პარტია "ლელოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, 22 სტუდენტს დამსაქმებელმა კონტრაქტები შეუწყვიტა და ისინი ქუჩაში დარჩნენ.
"ლელოს" წევრის გიორგი ბერძენაძის თქმით, მათ გუშინ დაუკავშირდნენ სტუდენტები და დახმარება თხოვეს. როგორც გიორგი ბერძენაძე აცხადებს, სტუდენტებს თანხა არ აქვთ, ცდილობენ დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა ცხელ ხაზზე მათ არ პასუხობენ.
მისი თქმით, ახალგაზრდები საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.
"ლელოს" ინფორმაციით, 22 სტუდენტიდან ოთხი ქუთაისიდან, ათი კი იმერეთის რეგიონიდანაა.
"ლელო" მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დროულად ჩაერთონ პროცესებში და დაეხმარონ ახალგაზრდებს დაბრუნებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი