„ლელომ“ შესაძლოა პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობაზე უარი თქვას
,,ქართული ოცნება“ თუ 3 ივლისამდე უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, „ლელოს“ საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს.
პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს.
„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.
აქვე ვაცხადებთ, რომ თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო“ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას. თუ პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს“,- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი