ლიტერატურა საზღვრებს მიღმა
ლორენს პლაზენეტი, კარლ ფროდე ტილერი, იზაბელ ვერი, კატრი ლიპსონი, დანიელ პენაკი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ 20 ევროპელი ავტორისა, რომელთა ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნას ევროკავშირის „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, 2017-2018 წლებში ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაცნობას შეძლებს.
ქართული წიგნის ბაზარზე თანამედროვე ინგლისურ ლიტერატურასთან შედარებით მოკრძალებულად არის წარმოდგენილი ევროპული ლიტერატურა, მიიჩნევს გამომცემლობა „ელფის“ საავტორო უფლებებისა და თარგმანების მონიტორინგის ხელმძღვანელი ლეილა კირთაძე. „ელფი“ იმ ორი ქართული გამომცემლობიდან ერთ-ერთია, რომელიც „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ 2016 წლის გამარჯვებულია და ათი ევროპელი ავტორის ნაწარმოებების თარგმნის უფლება მოიპოვა.
გამომცემლობებმა „ეფლმა“ და „აგორამ“ „შემოქმედებითი ევროპისგან“ 2016 წელს მოიპოვეს დაფინანსება, რათა მომდევნო ორი წლის მანძილზე გამოსცენ, დაბეჭდონ და პოპულარიზაცია გაუწიონ 20 წიგნს. „შემოქმედებითი ევროპა“ არ გამოყოფს 100%-იან დაფინანსებას. პროგრამის ყველა სქემა ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზეა დაფუძნებული.
აღნიშნული შესაძლებლობა საშუალებას იძლევა ევროპული ენებიდან ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას. დაფნანსება მიზნად ისახავს ევროპაში კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერას, მაღალი ხარისხის ლიტერატურის პოპულარიზაციას, ლიტერატურული ნაწარმოებების საზღვრებს მიღმა გავრცელებას და ახალი აუდიტორის მოზიდვას.
„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 10 ლაურეატი“, ასე ქვია „ელფის“ პროექტს, რომელშიც ნორვეგიელი მწერლის კარლ ფროდე ტილერის ნოველა „წრე“ (Encirclement/Innsirkling) შევიდა, ასევე ბერძენი მწერლის მაკის ტსიტას „ღმერთი არის ჩემი თვითმხილველი“ (God Is My Witness), ფინელი მწერლის კატრი ლიპსონის „ნაყინის კაცი“ (Ice Cream Man) და სხვა.
„უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არასოდეს გამოცემულა ნორვეგიული ლიტერატურა, სულ რამდენიმე წიგნია ნათარგმნი ბერძნულიდან და იტალიურიდან. არსებული ვაკუუმის შევსების მიზნით, „ელფის“ გამომცემლობამ სათარგმნად და გამოსაცემად შეარჩია ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობი, ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები, რომელიც ჩვენს მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ევროპულ ლიტერატურასა და მწერლებზე,“ - ამბობს ლეილა კირთაძე.
გამომცემლობა “ელფს” ბაზარზე მოღვაწეობის ოცწლიანი ისტორია აქვს. მათ მიერ გამოცემული წიგნების ძირითადი ნაწილი საბავშვო ლიტერატურაზე მოდის. გამომცემლობაში დარწმუნებულები არიან, რომ ნათარგმნი ლიტერატურა დიდ მოწონებას დაიმსახურებს ქართველ მკითხველში.
ავტორებისა და ნაწარმოებების შერჩევისას ძირითადად ნაწარმოების და ავტორის დროსთან აქტუალურობა გაითვალისწინეს. სწორედ ამიტომ, ათ ნაწარმოებს შორის ფინელი მწერლის რომანსაც თარგმნიან. მთარგმნელი დიმიტრი გოგოლაშვილი კატრი ლიპსონის წიგნზე „ნაყინის კაცი“ მუშაობს.
„ძირითადად მე ვირჩევ ხოლმე სათარგმნ წიგნებს, მაგრამ ამ შეკვეთამ დამაინტერესა, ჩეხოსლოვაკეთის-და ჩეხეთის ახლო ისტორიას მოიცავს, რეჟისორის და რამდენიმე მსახიობის ამბავს, რომლებიც წინასწარი სცენარის გარეშე იღებენ ფილმს, ამბები და ისტორიები ერთმანეთში ირევა, ანუ კინო და სინამდვილე. კომუნისტური წყობის სურათიც კარგადაა წარმოჩენილი, ამ მხრივ ქართველი მკითხველისთვის ახლო და გასაგები უნდა იყოს.“
მთარგმნელი მზია გომელაური კი ფრანგი ავტორის რომანს „მშვიდობით გარი კუპერს“ თარმგნის, გამომცემლობა „აგორასათვის“, რომელიც აქცენტს ფრანგული ლიტერატურის თარგმანზე აკეთებს.
„რომენ გარის თარგმნა ჩემთვის ახალი არ არის. მე უკვე ვთარგმნე ამ ავტორის „დაპირება განთიადისა“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და მიმაჩნია, რომ არა „აგორა“ რომენ გარი უცნობი ავტორი იქნებოდა საქართვლოში. გარი ძალიან ევროპული ავტორია, კოსმოპოლიტურიც, რადგან ძალიან ბევრი ფესვი აქვს,“ - განაცხადა მზია გომელაურმა.
მთარგმნელ მზია გომელაურს ძალიან გაეხარდა, როდესაც ამ ნაწარმოების თარგმნა შესთავაზეს. „მრავალწახნაგოვანი ავტორია, გეგონება სხვადასხვა ადამიანი წერს. თავისთავად ძალიან საინტერესო სათარგმნია და ალბათ, იმიტომ, რომ აქაც ორი კულტურა იკვეთება. მთავარი პერსონაჟი ამერიკელია, არაფრანგი გამოდის. იგი სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს ხოლმე თავის თავს, ამიტომ მეტყველებაც ასეთი აქვს, სამოციანი წლების ამერიკული და ამ მრავალპლანობრიობის გამო თავისათავად თარგმანს ცოტა ართულებს“, - ამბობს მზია გომელაური.
გამომცემლობა „აგორას“ დირექტორი მარინა ბალავაძე მიიჩნევს, რომ თარგმანის შესრულებისას ხარისხია პრიორიტეტული. „თარგმანში არ უნდა დაიკარგოს ავტორი და ჩვენ ზუსტად ისეთი თარგმნელები გვყავს, რომ გვაქვს გარანტია ეს ასე არ იქნება. კონკურსზე თარგმანების წარდგენა შეგვეძლო და ვიფიქრეთ რატომაც არა, მოდი ახლა გავფართოვდეთ და მხოლოდ ფრანგულენოვანი ლიტერატურა კი არა, სხვა ენებიც მოვიცვათ“, - განაცხადა ბალავაძემ.
პროექტს „ევროპული ლიტერტურის მოზაიკა“ დაარქვეს და მასში 10 ევროპელი ავტორის ნაწარმოები შეიტანეს, მათ შორის ირლანდიელი ავტორის, დონალდ რაიანის რომანი „მბრუნავი გული“ (The Spinning Heart) და იტალიელი ავტორის იტალო კალვინოს “ბარონი ხეზე” (The Baron in the Trees) და სხვა.
„საქართველოში წიგნზე დიდი მოთხოვნაა. შენ გამომცემელი შენი ძალებით ბევრს ვერაფერს გაწვდები თუ „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ მსგავსი პროგრამები არ იქნება. ჩვენი გამომცემლობა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ორ-სამ ახალ თარგმანს თუ შევთავაზებთ მკითხველს, ამ პროექტის წყალობით 10 ახალი ავტორის ნაწარმოების წარდგენა შეგვიძლია. ეს ყველაფერი ქვეყანაში კულტურული დონის ამაღლებას საოცრად ეხმარება. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ძალას არ იშურებს ამ პროექტში ჩართულობისთვის“, - განაცხადა ბალავაძემ.
გამომცემელს შეუძლია შეიტანოს განაცხადი 10 მხატვრული ნაწარმოების თარგმანზე. დაფინანსება უნდა მოხმარდეს ევროპული ლიტერატურის თარგმნას, გამოცემას და პოპულარიზაციას. გამომცემელს შეუძლია მოითხოვოს გრანტი 100 ათასი ევროს მოცულობის (მაქსიმალური ღირებულების 50%) და პროექტი ორი წლის მანძილზე უნდა განხორციელოს.
პროგრამა „შემოქმედებითი საქართველოს“ ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ქეთი შენგელიას განცხადებით, გასულ წელს დაფინანსების მოსაპოვებლად ხუთმა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. იგი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში როგორც აპლიკანტების, ისე გამარჯვებულების რაოდენობა გაიზრდება.
„ეს პროგრამა კარგია იმ კუთხით, რომ ლიტერატურა რომელზეც წვდომა არ გვაქვს და არ თარგმნილა ბევრი წლების მანძილზე, გამარჯვებულმა გამომცემლებმა საკუთარ თავზე აიღეს. ასევე, ყურადსაღებია, რომ ამ პროექტით ასაქმებ თარჯიმნებს. თარჯიმნის პროფესია მეტ-ნაკლებად დავიწყებულია, რეალურად ამ დაფინანსების მიზანი არის, რომ თარჯიმნის პროფილი აიწიოს და აცნობოს ადამიანებს რომ ეს არის რეალური პროფესია“, - ამბობს შენგელია.
ამ დაფინანსების სქემით, ერთის მხრივ ქვეყანა ნათარგმნი ლიტერატურული ფონდის მრავალფეროვნებას ახდენს, მეორეს მხრივ, კი ქართველი ავტორების ნაწარმოებებს ეძლევათ შანსი ევროპულ ენებზე ითარგმნოს და ჩვენი ავტორების შესახებაც გავრცელდეს ინფორმაცია ევროპაში. ქეთი შენგელია მიიჩნევს, რომ „კრეატიულ ევროპის“ პროგრამაში გაწევრიანება ერთგავრად ნიშნავს „ქართული კულტურის სფეროს ევროპის ოჯახში შესვლას“.
"ამ პროგრამასთან შეერთებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს ქეთი შენგელია.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ენთუზიასტია ქართველ გამომცემლებს შორის, რომელბიც უკვე ემზადებიან დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა ქართულად თარგმნონ ევროპელი ავტორების ნაწარმოებები. იმედია, რომ მსგავსი პროექტების რაოდენობა გაიზრდება და საქართველო-ევროკავშირის კულტურული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ კავშირების განმტკიცებაშიკი ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტის ფარგლებში. სტატიაში გამოქვეყნებული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს.
ავტორი: თამარ ხურცია