|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე

  ქუთაისის აეროპორტში სასტუმროების მშენებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით ქუთაისის ტურიზმიდან შემოსავლებს დაკარგავს, პოზიცია კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.   "ნიუპრესი" ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის  ყოფილ  უფროსს პაატა კლდიაშვილს  ესაუბრა, რომელსაც  ქალაქის განვითარებასა და  პოტენციალის შესახებ საკუთარი პროექტი აქვს შემუშავებული.  

რას გულისხმობს თქვენი პროექტი? 

-პროექტი  „ქუთაისი საერთაშორისო სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი“ მე და  ნიკო ჩიხლაძემ (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) შევიმუშავეთ. მასში საუბარია, ქალაქის განვითარების გეგმაზე, რომელიც 10 წლიან პერიოდზეა გათვლილი.

ქუთაისი გეოგრაფიულად საქართველოს ტურისტული ცენტრია. მასზე გადის გზა სვანეთისაკენ, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მიმზიდველია ტურისტებისათვის. მის სიახლოვეს არის ბალნეოლოგიური კურორტების დიდი ნაწილი- საირმე, წყალტუბო, ბახმარო და ა.შ..

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აეროპორტთან სიახლოვეს. ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისები სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ლოჯისტიკური და საგამოფენო კომპლექსის არსებობა კი კიდევ უფრო გაზრდის აეროპორტის დატვირთვას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ლოჯისტიკური, სასაწყობე ინფრასტრუქტურის განთავსება ქუთაისის მიმდებარედ სავსებით ლოგიკურია. 

ეს არის სავაჭრო-საგამოფენო ნაგებობები და სასაწყობე შენობები, უნდა მოხდეს თანამედროვე ISO სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი სასაწყობო კონსტრუქციების აშენება. იმავე ტერიტორიაზე შესაძლებელია ასევე ღია ტიპის მოედნების გაკეთება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დანიშნულების მანქანათმშენებლობის, აგრეთვე საამშენებლო ტექნიკა, ავტომობილები და სხვა სახის პროდუქცია მისი შემდგომი რეალიზაციისათვის.

 

–როგორ აფასებთ მთავრობის ინიციატივას, საქართველო გახდეს რეგიონის სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი?

-ჩვენი აზრით, არსებული გარემო პირობებიდან გამომდინარე, სრულიად რეალურია საქართველო გახდეს რეგიონის სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ სრულად ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ  ქუთაისის მახლობლად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის შესახებ. 

ჩვენის აზრით, დასმული ამოცანების საუკეთესო გადაწყვეტისათვის უმჯობესი იქნება პროექტი გახდეს უფრო მრავალმხრივი და კომპლექსური, მეტად ოპტიმალურად განლაგდეს სხვადასხვა სივრცეები ცენტრის ტერიტორიაზე და უზრუნველყოფილი იქნეს ცენტრის მჭირდო კავშირი ქალაქ ქუთაისთან, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება როგორც ქალაქის, ისე თავად ცენტრის განვითარებისათვის. ჩვენ მივიჩნევთ ლოჯისტიკური ცენტრის პარალელურად იმავე ტერიტორიაზე (ფართობის გაზრდის პირობებში) დამატებით განთავსდეს ღია სივრცეები ისეთი მრავალფეროვანი საქონლის გამოფენა-გაყიდვისათვის, როგორიცაა ავტომობილები, სამშენებლო და მანქანათმშენებლობის პროდუქცია. 

-რა დანიშნულება აქვს საგამოფენო სივრცის შესახებ თქვენ ინიციატივას?

-ლოჯისტიკური ცენტრის პარალელურად იმავე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდეს ღია სივრცეები ისეთი მრავალფეროვანი საქონლის გამოფენა-გაყიდვისათვის, როგორიცაა ავტომობილები, სამშენებლო და მანქანათმშენებლობის პროდუქცია. სავარაუდო საჭირო ტერიტორია ლოჯისტიკური კომპლექსისათვის უნდა იყოს 100 ჰა, მათ შორის: უშუალოდ ლოჯისტიკური ცენტრისთვის დაახლოებით 50 ჰა, სავაჭრო სივრცისათვის - 30 ჰა, დამხმარე ინფრასტრუქტურისათვის (სადგური, ავტოსადგომი, სტრაფი კვების ობიექტები და.შ.) - 20 ჰა.

სამგზავრო გადაზიდვებისათვის რკინიგზის სადგური განთავსდეს ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალური ავტომაგისტრალის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, ხოლო მგზავრთა ნაკადის გადაადგილება აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის უზრუნველყოფილი იქნეს მიწისქვეშა ლენტური ტრანსპორტიორის საშუალებით.

 

-თუ გაქვთ ადგილი განსაზღვრული, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად?

-აღნიშნული ფაქტორები განაპირობებენ საგამოფენო ცენტრის განთავსებას ქუთაისში, კერძოდ ყოფილი ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც ამჟამად იმყოფება სახელმწიფო საკუთებაში და მისი ფართი დაახლოებით 60 ჰა-ს შეადგენს.

ჩვენს შემთხვევაში, აუცილებელია საგამოფენო კომპლექსთან ერთად აშენდეს სასტუმროები ერთიან სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა კატეგორიის, ინტერესებისა და ფინანსური შესაძლებლობების სტუმრებისათვის სრულფასოფანი პირობების შექმნას, როგორც სამუშაო, ასევე გართობის და დასვენების მხრივ. აეროპორტთან ახლოს სასტუმროს აგება, რომლის შესახებაც ინფორმაცია იქნა გაჟღერებული მთავრობის მხრიდან, აუცილებელია, იმ თვალსაზრისით, რომ აეროპორტმა რეისის გადადების შემთხვევაში, ასევე რეისებს შორის დიდი ინტერვალის არსებობისას, უზრუნველყოს მგზავრთა სასტუმროში მოკლევადიანი განთავსება.

საგამოფენო კომპლექსში შემავალ სასტუმროებს, მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ერთდროულად 5000 სხვადასხვა კატეგორიის სტუმრის მიღება. სტუმრებს უნდა ჰქონდეთ გართობის და დასვენების მრავალფეროვანი საშუალებები, რაც გულისხმობს სამორინეების, სათამაშო მოედნების, ფიტნეს ცენტრების, საცურაო აუზების და სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობას. უნდა იყოს დამატებითი სივრცეები კაფეებისა და რესტორნებისათვის, სადაც განთავსებული იქნება როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ინტერნაციონალური კვების ობიექტები. ამავე ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს დიდი ზომის მრავალპროფილური სავაჭრო ცენტრები, მ.შ. ბრენდირებული.

-პროექტის სავარაუდო  ღირებულება რა ოდენობისაა?

 -სავაჭრო - საგამოფენო, დასასვენებელი და გასართობი კომპლექსის მშენებლობა უნდა განხორციელდეს მიახლოებით 60 ჰექტარ ტერიტორიაზე, საგამოფენო კომპლექსის მშენებლობა 100 000 კვ.მ. ფართობზე დაჯდება 150 მილიონი ამერიკული დოლარი, 1კვ.მ. ამასთან, მშენებლობა განხორციელდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება დაახლოებით 60 000 კვ.მ. ფართობის განაშენიანება, ხოლო შემდგომი 10 წლის განმავლობაში დამატებით 40 000 კვ.მ.-ის განაშენიანება. შესაბამისად, პირველი ეტაპისათვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა იქნება 90 მლნ. აშშ დოლარი;

სწრაფი კვების ობიექტების საავტომობილო სადგომების, მოსასვენებელი ადგილების და ა.შ. მოწყობა დაჯდება დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი;

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 5000 პერსონაზე, დაახლოებით 3 500 ნომრიანი სასტუმრო დაჯდება  350 მლნ. აშშ დოლარი;

ქუთაისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული 17 კმ-იანი გზის გაფართოება - ორზოლიანი გზის მოწყობა - დაახლოებით 25 მლნ. აშშ დოლარი.

ქუთაისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე პირდაპირი სარკინიგზო ხაზის და ქუთაისის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურის მშენებლობა - დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი. 

დანახარჯების ჯამური ოდენობა საინვესტიციო პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე შეადგენს  565 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი განხორციელებისათვის  საჭირო დრო - 3-4 წელი.

-რამდენია თქვენი გათვლებით მოგება და როდის მოხდება ინვესტიციის ამოღება?

 -წლიური შემოსავალი იქნება 56,6 მლნ. აშშ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ მშენებლობისთვის საჭირო 4 წელს, პროექტის გამოსყიდვის სავარაუდო პერიოდი იქნება 14 წელი (მშენებლობისთვის საჭირო დროის ჩათვლით).

ამასთან, ჩვენს გათვლებში აღებული გვაქვს, როგორც საიჯარო ქირის, ასევე სასტუმროს და სარესტორნო მომსახურების ღირებულების მინიმალური დონეები ანალოგიურ სერვისებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, საინვესტიციო მიმზიდველობა ზემოთაღნიშნული პროექტის გაცილებით მეტია.

 

ავტორი: ნიუპრესი