|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო ჩიხლაძე: "რეალური თვითმმართველობის განხორციელება შეუძლებელია ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე"

 ქუთაისის განვითარების სტრატეგიასა და პერსპექტივებზე "newpress.ge"-s ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  ნიკო ჩიხლაძე ესაუბრა

 

-ქუთაისის შემოვლითი გზა რა ცვლილებებს გამოიწვევს ქალაქის ეკონომიკაში?

-მე ვერ ვხედავ მნიშვნელოვან საფრთხეს ქალაქის ეკონომიკისათვის ამ შემოვლითი გზის გამო. ნურავის ეწყინება, მაგრამ მხოლოდ ცენტრალური გზის არსებობა რომ წყვეტდეს განვითარებას, მაშინ სამტრედია, ზესტაფონი ან ლანჩხუთი ყველაზე განვითარებული ქალაქები უნდა იყვნენ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ქალაქის განვითარების მეცხრამეტესაუკუნოვანი კრიტერიუმის აჩრდილისაგან, როდესაც, უმთავრესი იყო გზის (რკინიგზის) არსებობა და მასთან სიახლოვე. თანამედროვე პირობებში ქალაქის (დასახლებული ტერიტორიის) განვითარებისათვის აუცილებელია ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, გამოცდილების სწორად და ეფექტიანად გაზიარება. რაც შეეხება ფისკალურ ეფექტს, ფინანსური სისტემის მნიშვნელვანი ცენტრალიზაციის პირობებში, როცა მხოლოდ ყველაზე რთულადამოღებადი გადასახადის - ქონების (მიწის) გადასახადიდან შემოსული თანხა რჩება მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და ყველა სხვა გადასახადიდან ამოღებული თანხები ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება,  სატრანზიტო ფუნქციის შესრულება განსაკუთრებული მომხიბვლელობით არ უნდა ხასიათდებოდეს. ეს ქალაქში გამოიწვევს ზოგიერთი ტიპის სავაჭრო ობიექტის ბრუნვის შემცირებას. მნიშვნელოვანი ფისკალური უკუეფექტი მას არ ექნება.  ამდენად, ცვლილებები არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით შეუძლებელი იყოს მისი განეიტრალება.


-რამდენად რეალურია გუბერნატორის იდეის - სოფლების შემოერთების თაობაზე- განხორციელება?

-ეს არის სწორედ ჩემს მიერ ზემოაღნიშნული კითხვის პასუხში მოხსენიებული გონივრული პოლიტიკის  გამოვლინება, შესაძლო ვარიანტებს შორის ერთ-ერთი მიგნებული და სწორი ვარიანტი, რომლის განხორციელება ასევე არ უკავშირდება მნიშვნელოვან დანახარჯებს. თუ გული გვწყდება ავტობანის სიახლოვეზე, ჩვენ თვითონ მივუახლოვდებით მას, რათა ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ (სხვადასხვა პროექტების განხორციელება ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე), განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც სოციალურთან ერთად ფისკალურ ეფექტსაც მოგვცემს.


-შეხვდა თუ არა ქალაქი ამ გამოწვევას მომზადებული?

-მომზადებული ასეთ მეგაპროექტებს ან მის ცალკეულ ნაწილებს ქალაქი ვერც შეხვდებოდა. ამგვარი პროექტები, რომელიც გლობალურია (აზია-ევროპის სატრანსპორტი დერეფანი), ბუნებრივია მაკრო და მეგადონეებზე წყდება. ამიტომ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ მოცემულობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას.


-არსებობს თუ არა ქალაქის განვითარების გეგმა?

-წინა წლებში ასეთი გეგმების შემუშავებაში არაერთხელ მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ამ გადასახედიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ „გეგმა-გეგმისათვის“ კეთდებოდა. იგი ფორმატითაც იყო შეზღუდული „დამკვეთების“ მიერ და ვერც სიცოცხლისუნარიანობით დაიკვეხნიდა. არ წარმოადგენდა ქმედით ორგანიზმს, თუნდაც ცვალებადსა და ხშირად საკორექტირებელს, არ ახლდა კონკრეტული წინადადებების (პროექტების) პაკეტი და რაც მთავარია კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

ქალაქის განვითარების გეგმა (პროგრამა) არსებობს, თუმცა იგი მოძველდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ახალ სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მასში ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ჩართული არიან სწავლული ექსპერტები და გამოცდილი სპეციალისტები და მიმაჩნია, რომ იგი უპასუხებს ახალ გამოწვევებს დაწინამორბედებისაგან განსხვავებით ქმედითი დოკუმენტი იქნება.

-როგორ გესახებათ ქუთაისის განვითარების სტრატეგია?

-როგორც აღვნიშნე, ქალაქის ახალი სტრატეგია მუშავდება. იდეალურ ვარიანტში სტრატეგიის გამოყენება უნდა ხდებოდეს წლების განმავლობაში.

შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ სტრატეგია არ უნდა გადაიხედოს და დაკორექტირდეს რეალობის გათვალისწინებით, თუმცა არც თაროზე მტვერის განთავსების ობიექტად უნდა იქცეს. რვა წლის წინათ პოლონეთში რეგიონული დაგეგმვის და დეცენტრალიზაციის სემინარზე ყოფნისას გავიგე, რომ თურმე პოლონეთშიც იქმნებოდა მკვდრადშობილი სტრატეგიები და მათ თაროსთან გასაიგივებლად „პოლკოვნიკებს“ (полка - თარო) ეძახდნენ.

ასევე მიზანშეწონილია სტრატეგიასთან ერთად შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და მზა პროგრამების პაკეტი პოტენციური ინვესტორებისათვის, რომ მათი „კომფორტული დაინტერესება“ განხორციელდეს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შედარებით ახალია ქართული ქალაქების სინამდვილეში (თუმცა მის ელემენტებს ქვეცნობიერად საქართველოს დიდი ქალაქები უფრო ქაოსურად იყენებენ) - ეს არის ქალაქის ბრენდინგის კონცეფციის შემუშავების აუცილებლობა. საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს განუხრელად ესაჭიროებათ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული რესურსების კონკურენტუნარიანობის იდენტიფიცირებისა და ცნობადობის გაზრდა, უცხოელი პარტნიორების მოზიდვა. თანამედროვე პირობებში ინტეგრაციული პროცესების პოზიტიური მხარეების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკა “ღია ეკონომიკად” იქცა, რომლისთვისაც დასახელებული და მსგავსი ტიპის ამოცანების გადაჭრა შეუძლებელია ცალკეული ქალაქებისა და ტურისტული ცენტრების ბრენდად ჩამოყალიბების გარეშე. ქალაქის ბრენდინგი არის ქალაქის ბრენდის შეგნებით და მიზანმიმართულად ფორმირების პროცესი, ქალაქის იდენტურობის გამოხატვის საშუალება, მისი მკვეთრ ფორმებში წარმოჩენის ხელშეწყობა, რაც მიმზიდველი იქნება მიზნობრივი აუდიტორიისათვის. თანამედროვე პირობებში ქალაქის ბრენდინგისათვის საკმარისი არ არის ძვირადღირებული რეკლამები ცნობილ ტელეარხებზე, ქალაქის ლოგოტიპები ადგილობრივი სპორტული გუნდების მაისურებზე ან ავიაკომპანიების პროსპექტებზე. ქალაქის ბრენდირების წარმატებისათვის საჭიროა ახალი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები. ამ კუთხით გარკვეული კვლევები და მონახაზები გაკეთდა ქუთაისის უნივერსიტეტში და წელს შესაბამისი ნაშრომიც გამოიცა („ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები“).


-არსებობს იდეა ქუთაისის განვითარების ფონდის  შექმნის შესახებ, რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხზე, როგორი უნდა იყოს ამ ფონდის დაფინანსება და რისთვის უნდა გასცეს?

-ნებისმიერ შემთხვევაში ფონდის ჩამოყალიბება მისასალმებელია. იგი ბუნებრივია ქალაქის განვითარებას, მისი ცნობადობის გაზრდას, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას უნდა ემსახურებოდეს. ფონდმა უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა და მისი მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სასარგებლო. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის განვითარების ფონდში მიზანმიმართული მუშაობით და სწორი პოლიტიკის წარმართვით მნიშვნელოვანი სახსრების აკუმულირება იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით ქალაქიდან ემიგრირებული ქუთაისლებისაგან.  


-როგორ შეაფასებთ  დღეს  ქუთაისის ეკონომიკურ მდგომარეობას?

-შეკითხვა რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ქუთაისის ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათება რამდენიმე წინადადებით შეუძლებელია. იგი შეესატყვისება ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას და ფისკალური დეცენტრალიზაციის დონეს.

რეალური თვითმმართველობის განხორციელება შეუძლებელია ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე. სამწუხაროდ, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაცია იგვიანებს. 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები 41,1  მლნ. ლარია, საიდანაც გრანტები, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა საჭიროებების  შესავსებად მისაღები თანხა 77%-ს შეადგენს (30,5 მლნ. ლარი).

ქალაქის განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს საყოველთაოდ აღიარებული მდგრადი განვითარების პრინციპები, რაც ითვალისწინებს შეზღუდული ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მათი ხელმისაწვდომობის წინაპირობის შექმნას მომავალი თაობებისათვის.

ქალაქის განყენებულად შეფასება არსებული მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. ქალაქის მდგომარეობა ზოგადად შეიძლება რთულად მივიჩნიოთ, თუმცა არსებული შესაძლებლობები და მზაობა საქმის კეთებისა, საკუთარი ქალაქის მოვლისა, ქალაქის საკუთრად გათავისებისა უთუოდ გამოიღებს პოზიტიურ შედეგს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა