ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოს შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო.
აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად, ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც.
”ასევე აღსანიშნავია, რომ რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ავტორი: ნიუპრესი