|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მადლიერების სახლის“ მმართველის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართეს

ქუთაისის მერიის ააიპ „მადლიერების სახლის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ააიპის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს, ამავდროულად,  აღძრულია საქმე პროკურატურაში.

 „მადლიერების სახლის“ მონიტორინგის ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაგული გიორგაძემ და და მმართველის ყოფილმა მოადგილემ თემურ ღვინჯილიამ სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა მოითხოვეს, ასევე ითხოვენ მოხდეს გამოძიება არასწორად ჩატარებული რეორგანიზაციის გამო.

„აღძრულია საქმე და სამოქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი შევიტანე, ერთი სამსახურში აღდგენასა და განაცდურზეა,  მეორე ადმინისტრაციული სარჩელია, რაც  არასწორად გამოცემული ბრძანების გამო მოხდა. 26 მარტს  რეორგანიზაციის დასრულების გამო ბრძანება გატარდა საჯარო რეესტრში და ამის შემდეგ ხუთი ნორმატიული აქტია გამოცემული გათავისუფლებასა და ახალი შტატის დანიშვნაზე. ასევე არაერთი დარღვევა მოხდა ააიპში, მაგალითად,  თანამშრომელმა გადაკვეთა საზღვარი, გაფრინდა ათენში და ამ ქალბატონს  ხელფასი სრულად დაერიცხა,  შვებულება გაუფორმდა ყალბი ხელმოწერით, მერე შტატი შეუნახა. ასევე ელისო ქაროსანიძე ერთხელ იყო სამსახურში და ისე აიღო ხელფასი. ასევე მუშაობს წერეთლის უნივერსიტეტში, ისევე როგორც სხვა თანამშრომლები, გაფორმებული არიან სხვადასხვა ააიპში. ბაკურაძე მეგობრებისთვის  ქმნის განყოფილებებს და აუქმებს სურვილის მიხედვით“, -აცხადებს მაგული გიორგაძე. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები 121 ბენეფიციარის დაცვას შეეწირენ, რადგან მერიას მათი შემცირების უფლება არ მიეცა.

„წერილი გავუგზავნეთ ნინო ლომჯარიას და მოვითხოვეთ დაინტერესდნენ ამ ამბით, რადგანაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. ჩვენ შევეწირეთ იმას, რომ არ ამოვაღებინეთ სიიდან 121 ბენეფიციარი. თამთა ბაკურაძე გიორგი ჭიღვარიას სახელს ამოფარებული, მეუბნებოდა, რომ ვერაფერს შევძლებდი, იძულებული გამხადა წავსულიყავი პარლამენტში.  კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და  დიმიტრი მხეიძე  ჩავაყეთ საქმის კურსში, რომ ეს 121 კაცი არ გაეწირათ შიმშილისთვის. იმათი ჩარევით შეიქმნა კომისია და მოვიდა დასტური, რომ ეს ადამიანები იმსახურებდნენ "მადლიერების სახლში" სიარულს.  ეს არ გვაპატია თამთა ბაკურაძემ,  მისი უხეში გამონათქვამები და სამსახურისთვის შეუფერებელი მოქმედებები რომ არ ავიტანეთ. მან გაანადგურა ეს სამსახური, ამდენი წელი ვიმუშავე მანდ და ვაკანტურ ადგილზეც არ გადამიყვანა.  მე ღირსების ორდენოსანი და პროფესორი  ვარ, არაერთი დამსახურებით წლები ვემსახურე ქალაქს და შეურაცხყოფილი ვარ, რომ შემთხვევით, ქუჩიდან მოსული "ოცნების" კოორდინატორი ასე მექცევა. იძახა, ჩემი გიორგი, ჩემი გიორგიო და აჰა, მისმა გიორგიმ  ბიუროში შეიყვანა. მე  ივანიშვილთან გაგზავნილი მაქვს წერილი, თუ როგორი კადრები ყავს „ქართულ ოცნებას“", -განაცხადა მაგული გიორგაძემ. 

მისი განცხადებით,  რომ არჩევნების დროს დახმარებას უშაუალოდ ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თხოვდნენ.

„მე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ვიყავი და ნიკა ლატარია და გიორგი ჭიღვარია ჩემ უბანში აძლევდნენ ხმას,  მეხვეწებოდნენ დახმარებას  და ასე გადამიხადეს, რომ სამსახურიდან გამომიშვეს.  მე მივმართე წერილობით გიორგი ჭიღვარიას და ნიკა ლატარიას,  გავატარე რეგისტრაციაში და მოვითხოვე კომისიის შექმნა, რომ შეესწავლათ, რა ხდება „მადლიერების სახლში“ ნაცვლად შესწავლის, ისევ თამთა ბაკურაძეს გადაუგზავნეს განცხადება"-განაცხადა მაგული გიორგაძემ.

„მადლიერების სახლში“ მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად 4 თანამშრომელი მარტში გაათავისუფლეს. 

ბრალდებების საპასუხოდ მერიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლება მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებამ გამოიწვია.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ის ჯერ ჩანიშნული არ არის, მოპასუხე მხარეებმა შესაგეგებელი წერილი უნდა წარადგინონ.

 

ქუთაისის "მადლიერების სახლის" თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი