|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაგდა პაპიძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია ირღვევა

"ქალთა მოძრაობა“ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდებულის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმცია ირღვევა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე მედიისა და საზოგადოების მხრიდან. 

 „ქალთა მოძრაობა“ ასევე  ითხოვს, მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მასზე სამართალდამცველებმა იძალადეს, გამოძიება დაიწყოს.

„მაგდა პაპიძემ, რომელსაც ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მას პოლიციელები დამამცირებლად და არაადამიანურად მოეპყრნენ, რაც გამოიხატებოდა ცემაში, მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. მაგდა პაპიძეს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ის რისხვისა და სიძულვილის ობიექტად იქცა როგორც მთელი საზოგადოების, ისე, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მხრიდან. როგორც ქალი, ის კიდევ უფრო მეტადაა ძალადობის სამიზნე. მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს მართლმსაჯულების სისტემამ ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ არ მოექცეს საზოგადოების განწყობის და ემოციების გავლენის ქვეშ და ბრალდებული მიუკერძოებლად და სამართლიანად გაასამართლოს.

არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან დაცულია ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარიც. მაგდა პაპიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული პროკურატურის მიერ. საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ მოინახულოს პატიმარი. დროულად უნდა ჩატარდეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აღნიშნული ცნობების სათანადო გამოიძიებისა და დოკუმენტირებისათვის. მაგდა პაპიძეს მიმართ არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს "მკვლელად" მოიხსენიებენ. მოვითხოვთ, მაგდა პაპიძის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ოჯახში ძალადობის ისტორიის შესწავლას. აუცილებელია მამა-შვილის მკვლელობის სამართლიანი და სათანადო გამოძიება და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა",- ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

sazogadoeba.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა