|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მამაკაცების მხარდაჭერა ქალ კანდიდატებს" - დისკუსია ქუთაისში

ქალი კანდიდატების მხარდაჭერას მამაკაცების მხრიდან ისახავს მიზნად ახალი კამპანია, რომელიც  "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით დაიწყო ქუთაისში. 
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზატორის ქეთი ბერძენიშვილის განმარტებით, კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის  პოპულარიზაცია და მამაკაცების მხრიდან ქმედითი დახმარების აღმოჩენა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა, პარტიულ სიებში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წინა პოზიციებზე, კანდიდატებად დასახელებულ ქალებს მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წევრებმა, არამედ ამომრჩეველმა მამაკაცებმა", -განაცხადა ბერძენიშვილმა.

საკითხის შესახებ ისაუბრეს 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ და ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა. 
 
ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, საკრებულოდან   ნატო ქათამაძემ და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა  გოგი წულაიამ მიიღეს. მათი განცხადებით, მხარს უჭერენ ქალების მეტ წარმომადგენლობას პოლიტიკაში.
 
"მიუხედავად კანონმდებლობის ცვლილებისა, ყოველ მომდევნო არჩევნებზე ჩვენი პარტიის სიის 30 % შედგება ქალბატონებისაგან, გამსვლელ ათეულში იქნება 3 ქალბატონი.  ქუთაისში მერობის კანდიდატი გვეყოლება ქალბატონი - ხატია დეკანოიძე", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
რაც შეეხება წულაიას, მისი თქმით,  მის პარტიაში  ეპატიჟება ქალბატონებს, რომლებსაც პოლიტიკური კარიერის წარმართვაში დახმარებას ჰპირდება.
ქალების მიერ ერთმანეტის მიმართ მეტი სოლიდარულობის საჭიროებაზე ისაუბრა ნატო ქათამაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. 
 
კამპანია იმართება პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.
 

ავტორი: ირინა მაკარიძე