"მარეკ ჰლინკა "ტორპედოდან" განაწყენებული წავიდა, რადგან ვერ მიიღო გარანტირებული ადგილი"
"მარეკ ჰლინკა განაწყენებული წავიდა, რადგან ვერ მიიღო გუნდში გარანტირებული ადგილი", -ამგვარად ეხმიანება სლოვაკი ფეხბურთელის მარეკ ჰლინკას განცხადებას "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი.
მისი თქმით, სლოვაკმა ფეხბურთელმა, მიუხედავად მისი ამბიციებისა, კონკურენციას ვერ გაუძლო.
"მარეკ ჰლინკა სათადარიგო მოთამაშე იყო, ვერ დააკმაყოფილა მთავარი მწვრეთნელის მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, გუნდმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი ქუთაისში ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ტორპედოს საწვრთნელ ბაზეზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, მარეკ ჰლინკას, როგორც ერთ-ერთი განაწყენებული ფეხბურთლის განცხადებაზე, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ... მიმდინარეობს სამწვრთნელო პროცესი, გუშინ იყო ამხანაგური შეხვედრა, წავიდა მარეკ ჰლინკა და მოვიდა 5 ახალი ფეხბურთელი. ჰლინკამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მიუხედავად მისი ამბიციებისა და მაღალი ანაზღაურების მოთხოვნისა, ეს იყო მისი განაწყენების მიზეზი. მე არ მინდა ჰლინკას გამოვყვე მის კომენტარებში, ანალოგიურად წავიდა სხვა ფეხბურთელი, მილოშ ლაჩნი, მაგრამ ის წავიდა დელიკატურად. ჰლინკას თავისი პრობლემები აქვს - ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი, რადგან ვერ გაუძლო კონკურენციას", - განაცხადა მამუკა მოსიაშვილმა.
მისი თქმით, ფეხბურთელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხი მის აგენტთან გაირკვევა, რაც შეეხება ჰლინკას განცხადებას, გუნდიდან ჩინელების წასვლის შესახებ, მოსიაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არსად წასულა.
შეგახსენებთ, სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰლინკამ ინტერვიუ გამოცემა sport.aktuality.sk–ს მისცა, სადაც გუნდში არსებულ მრავალ პრობლემაზე საუბრობს.
ავტორი: ირინა მაკარიძე