პროფესიონალიზმი ნული, ვირთხები ოთახში და ბევრი რამ – ტორპედოს ყოფილი ლეგიონერი
ქუთაისის "ტორპედო" 28 წლის სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰლინკამ დატოვა. ამის შესახებ იმ ინტერვიუთი ვიგებთ, რომელიც უცხოელმა შუახაზელმა ადგილობრივ გამოცემა sport.aktuality.sk–ს მისცა.
ინტერვიუს ქართული თარგმანი sport.adjara.com- მა გამოაქვეყნა. ამავე ინტერვიუთი ვიგებთ, რომ ფეხბურთელი საქართველოში ცხოვრებით უკმაყოფილო იყო. ჰლინკა ბევრ საინტერესო და, ამავდროულად, სამწუხარო საკითხზე საუბრობს.
"სათასო შეხვედრებში სხვა დონე და მებრძოლი სული იგრძნობოდა, რასაც ვერ ვიტყვი შიდა ჩემპიონატზე. პროფესიონალიზმი ნული, არანაირი მონდომება. მეგონა, ფეხბურთელები ვარჯიშზე გასართობად დადიოდნენ. წინსვლას ვერ ვხედავდი", – ამბობს მარეკ ჰლინკა.
28 წლის ნახევარმცველს ქუთაისურ გუნდში არსებულ პირობებზეც ჰკითხეს და საიტზე წერია, რომ ჰლინკას კბილები შეეკრა...
"კატასტროფა! არ გვქონდა სატრენაჟორო დარბაზი და სათანადო სამედიცინო პირობები. დრო ჩიხში შევიდა, ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს. ძველი შენობები, ძველი სასადილო და საუნა, რომელშიც შიშით დავდიოდით. სასტუმროები? ნესტიანი კედლებით და ოთახში ვირთხებით", –ციტირებს sport.aktuality.sk "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერის სიტყვებს.
მარეკ ჰლინკა ძალიან ცუდად ახასიათებს საქართველოს ჩემპიონატში არსებულ ინფრასტრუქტურას და ამბობს, რომ მატჩებზე ქომაგები არ დადიოდნენ.
ოსტრავის "ბანიკის" ყოფილი შუახაზელის თქმით, გუნდიდან გაშვების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა სახლში ახალი სეზონისთვის ემზადებოდა.
"როცა მათ გაშვების შესახებ მითხრეს, კომპენსაცია არ მომცეს, ამიტომაც ხელშეკრულებაზე ხელი არ მომიწერია და გადავწყვიტე, საკითხი იურისტთან ერთად დამესრულებინა.
ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა ჩემი დასვენების დროს. მითხრეს, რომ ჩინელი ინვესტორები გუნდიდან წავიდნენ. სახლში ვიყავი, ინდივიდუალურად ვემზადებოდი და დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებოდი. მინდოდა, კლუბში კონტრაქტის მიხედვით ვყოფილიყავი, რომელიც ზაფხულში იწურებოდა. მჯერა, ჩემს წილ ხელფასს აუცილებლად ავიღებ", – დაასრულა 28 წლის ნახევარმცველმა.
სრულად: sport.adjara.com
"მარეკ ჰლინკა "ტორპედოდან" განაწყენებული წავიდა, რადგან ვერ მიიღო გარანტირებული ადგილი"
ავტორი: ნიუპრესი