"ურთმელიძეს და ნაზღაიძეს ხათუნა ხომერიკიც დაემატა"
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხათუნა ხომერიკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საქმე მარტვილის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომლების დავას ეხება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა, ისინი გამგებელმა იმ მოტივით გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ წინა ხელისუფლების პერიოდშიც დასაქმებულნი იყვნენ.
„ვითომდა, რეორგანიზაციის საფუძველზე გამგებელმა 18 თანამშრომელი სამსახურიდან გაგვათავისუფლა. მიზეზი სრულიად უსაფუძვლო იყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებიდან რამდენიმემ წარმატებით გავიარეთ ტექსტირება, ეს გამგებლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. აღიშნულის შემდეგ მარტვილის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. პირველი სასამართლო პროცესი მოვიგეთ და მოსამართლემ ჩვენი სამსახურში აღდგენა მოითხოვა. ასევე გამგეობა ვალდებული იყო აენაზღაურებინა განაცდური, თუმცა ამ დრომდე ბოლო 4 თვის ხელფასები არ ჩაგვრიცხვია. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ახლა ისინი ხელმეორედ გვთხოვენ ტესტირების გავლას, რაც ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
სააპელაციო სასამართოს მოსამართლემ ხათუნა ხომერიკმა განაჩენი მარტვილის გამგებლის სასარგებლოდ გამოიტანა და მას ატესტაციის ხელმეორედ ჩატარების უფლება მისცა.
გამგეობის მუნიციპალიტეტის 18 წარმომადგენელს გამოცდები დღეს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ისინი გამოცდებზე პროტესტის გამო არ მივიდნენ.
"ჩვენ გამოცდების არ გვეშიანია, ერთხელ ჩავაბარეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. ახლაც ჩავაბარებთ, მაგრამ კომისიის ობიექტურობის იმედი არ აქვს. საკონკურსო კომისიის წევრები საკრებულოს დეპუტატი, გამგებლის პირველი მოადგილე, ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე არიან . ჩვენ მოვითხოვდით, კომისიის წევრების შეცვლას, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ვაპროტესტებთ ხათუნა ხომერიკის გადაწყვეტილებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკერძოებულ მოსამართლეებს, ურთმელიძეს და ნაზღაიძეს ხათუნა ხომერიკი დაემატა",- განაცხადა აქციის მონაწილემ მოგელ ჯოჯუამ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი