„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში იმერეთიდან ორი პედაგოგი მოხვდა
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. მათ შორის ორი პედაგოგია იმერეთიდან. მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და ელზა ხარშილაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი