„მცხეთას ეყოლება ხალხზე და არა საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე ორიენტირებული მაჟორიტარი დეპუტატი!“(R)
დღეს, მცხეთაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ აქტივთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად: -„დღეს გამოქვეყნდა პარტიული სიები. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთხოვე ჩემს პოლიტიკურ გუნდს, არ შევეყვანე პარტიულ სიაში, მათ არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული დარგია საქართველოში. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს დაფასებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს მე და ჩემს თანამებრძოლებს. გპირდებით, გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ, რათა მცხეთას ჰყავდეს ხალხზე და არა საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე ორიენტირებული მაჟორიტარი დეპუტატი. დღეს, მსურს ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი პოლიტიკური სახეებით: ქალაქ მცხეთის მერის, მცხეთის თემის გამგებლის, ქალაქისა და თემის საკრებულოს თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოს უმრავლესობის, 23 დეპუტატის სახით, მცხეთის ახალგაზრდული ორგანიზაციასთან და პარტიულ აქტივთან ერთად, გავაკეთო ოფიციალური განცხადება: -საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან მცხეთა გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით. ეს ბუნებრივია, რადგან მცხეთა წლების მანძილზე დახლზე იყო შემოდებული და მიდიოდა გაუთავებელი ვაჭრობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში 2012 წლამდე გაყიდულია მცხეთის 4,5 მილიონ კვადრატზე მეტი მიწა, რომელიც სულ რამდენიმე პირზეა გასხვისებული. ის, რაც ყველაზე ძვირად ფასობს მცხეთასა და მცხეთის რაიონში. მცხეთა ეკუთვნოდა მხოლოდ ჩინოვნიკებს და არა ხალხს. ქალაქ მცხეთაში, წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა ისეთი პროექტები, რის გამოც მცხეთა იუნესკომ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო. დღეს მცხეთა, როგორც კულტურული ძეგლი დაუბრუნდა იუნესკოს ნუსხას. ეს იყო ეკლესიის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის და ბრძოლის შედეგი. -მცხეთა წმინდა დედაქალაქი - მეორე იერუსალიმი - დღეს გადარჩა, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ხვალინდელი დღე. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოპონენტი, ნაცმოძრაობის სახე ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას პირდება იმ პროექტების განხორციელებას, რის გამოც მცხეთა იუნესკომ სიიდან ამოიღო. ეს არის ხიდი, რომელიც დააკავშირებდა მცხეთის ცენტრალურ მაგისტრალს სვეტიცხოველთან, გამწმენდი კოლექტორი, რომელიც იყო ფუნქციურად გაუმართავი და ასევე, იუსტიციის სახლი და ა.შ. ეს არის ის „დაპაუზებული“ პროექტები, რომელიც ჩვენ, მათ შორის მეც შევაჩერეთ, რომლის შეჩერებაზეც იბრძოლა ეკლესიამ, იუნესკომ და საზოგადოებამ. დღეს, საპატრიარქოს ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტება მცხეთასთან დაკავშირებით, რომელსაც სრულად ვეთანხმებით. ჩვენი პოზიციაც სწორედ ეს არის, რომ არ დავკარგოთ ხელახლა მცხეთა, ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უაზრო და უგუნური პროექტებით. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდს, ოღონდ უძველეს საცალფეხო ხიდს, რომელიც აკავშირებს სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან. ჩვენ ვიმუშავებთ ეკლესიასთან, ქართველ მეცნიერებთან, იუნესკოსთან და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისე, რომ მცხეთამ არ დაკარგოს განვითარების პერსპექტივაც. ორშაბათს, 12 სექტემბერს დაგეგმილი გვაქვს მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა ეკლესიასთან, მეცნიერებთან და მცხეთელებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ყველა საკითხს და წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მცხეთაში. სწორედ ამ საფრთხეების გამო, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მცხეთა, მცხეთის პარტიული აქტივი ვაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას მცხეთის გადასარჩენად. გპირდებით, მცხეთა არასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში. მცხეთა არის წმინდა ქალაქი და თითოეული ჩვენგანი დავიცავთ სიცოცხლის ფასად!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი