მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. დღეს მოსწავლეები გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ე.წ. ჯი-კატის გამოცდები 24 მაისს დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდა უკვე 10 ათასმა მოსწავლემ გაიარა და მათგან 98%-მა წარმატებით.
„უკვე 10 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა გამოცდა, წარმატებით გაიარა დაახლოებით 98%-მა, დაახლოებით 2 %-ია მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. არანაირი დარღვევები არ ყოფილა, კარგად დაიწყო დღევანდელი დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გასტანს. ფაქტიურად, ყველა სკოლა ჩაერთო გამონაკლისია მხოლოდ მცხეთის რაიონში სამი სკოლა, რომელსაც ინტერნეტის პრობლემა შეექმნა, მაგრამ მუშაობენ ადგილზე და ისინი ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ გამოცდას,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
წლევანდელი გამოცდები ახალი მეთოდით ტარდება. წელს მოსწავლეებს მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა უწევთ.
მორიგი გამოცდა, 21 მაისს უცხოურ ენებსა და ბიოლოგიაში ჩატარდება. 22 მაისს ისტორიასა და ფიზიკაში, ხოლო 23 მაისს მათემატიკასა და ფიზიკაში ჩატარდება. 24 მაისს კი მოსწავლეებს ქიმიაში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.
ავტორი: ნიუპრესი