|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს მე მივეცი პარლამენტი, ეს იყო თბილისის ინტერესების გათვალისწინებაც"

"მე ქუთაისს მივეცი პარლამენტი, რომ ქუთაისელებს ეგრძნოთ თავი საქართველოს ბატონ-პატრონად, რომ გადანაწილებულიყო საქართველოში ხელისუფლების ცენტრები. მე თბილისელი ვარ, თბილისის ცენტრში დავიბადე და გავიზარდე, და იმედია, თბილისის ცენტრში მოვკვდები, ჩემთვის თბილისი ყველაზე მშობლიურია,  ეს იყო თბილისის ინტერესების გათვალისწინებაც, მაგრამ პარლამენტს ქუთაისს "ქართული ოცნება" ართმევს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.  

სატელევიზიო ჩართვისას სხვა საკითხებთან ერთად მან ტურიზმის მისეულ კონცეფციაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტურიზმის კონცეფცია არა ტურისტების რაოდენობის, არამედ ხალხისათვის შემოსავლების ზრდას ითვალისწინებდა.

"ტურიზმის კონცეფცია, რომელიც მე შევქმენი: ჯერ იწყება იაფი ტურიზმით, იზრდება რაოდენობა და ხალხში შემოდის მეტი შემოსავალი, შემდეგ თანდათან ტურისტების რაოდენობა კი არ იზრდება იმდენად, რამდენადაც იზრდება შემოსავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  მისი თქმით, ასი ათასი "ცარიელ-ტარიელი ტურისტის" ჩამოყვანას სჯობს ხუთი მდიდარის მიღება, ეკონომიკური ეფექტი ერთი და იგივე იქნება. მდიდარი ტურისტების მისაღებად კი, სააკაშვილის თქმით, საჭიროა შესაბამისი განვითარება და ინფრასტრუქტურის შექმნა.

მან ასევე ისაუბრა მისი მმართველობის დროს დაწყებულ და შემდეგ უარყოფილ პროექტებზე, მათ შორის ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ტრამპთაუერის მშენებლობის მნიშვნელობაზეც. 

"ჩამოვიდა დონალდ ტრამპი და ბათუმში აშენებდა სასტუმროს, ჩვენ ახლა გვექნებოდა ტრამპის ცენტრი ბათუმში...  მოვიდა ივანიშვილი და თქვა, ტრამპი არის აფერსისტი, საერთოდ არ აქვს ფული და ეგ არის მაგის და სააკაშვილის ტყუილებიო. ახლა თქვენ რა გინდათ, იმ ტრამპმა, რომელსაც ძალიან კარგად ამახსოვრდება ყველაფერი, განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს ჩვენი მთავრობის მიმართ? მან თქვა, სანამ იქნება ეს მთავრობაა, საქართველოს არანაირი შანსი არ აქვსო - ჯერ არ ხართ მზადო - აბა სხვას რას ნიშნავს?", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე