მედიისა და არასამთავრობოების გაჩუმების კანონები - რას გეგმავს „ოცნება“
კანონები რომლის გამკაცრებასაც ქართული ოცნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში გეგმავს, - მათ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, აპირებენ მიიღონ მედიის შეზღუდვის კანონი და გააუქმოს არასამთავრობოების ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„მომდევნო ორი თვის განმავლობაში:
აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება.
დავიწყებთ მუშაობას მედიის კანონზე, რითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს).
დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას’’ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას. პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, ასევე გააამკაცრებენ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით.
„ოცნება“ ასევე ანტინარკოტიკული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს.
„გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ასევე მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც"- აღნიშნა მდინარაძემ.
ავტორი: