"მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში" (R)
მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.
პრემიერის თქმით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის.
"დღეს ჩვენ თქვენთან არაფერი გვაშორებს, არ არის ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ და ჩვენ ეს გვეამაყება, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი. დღეს ჩვენ ჩვენი საზოგადოება უკეთესი მომავლის ხედვით უნდა გავაერთიანოთ, აღარ შეიძლება ამდენი სიძულვილის, ამდენი ბოღმის ნთხევა. ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს, იმიტომ რომ მოდის ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი საზოგადოება და გადაჯიშების პირას მიგვიყვანა. ამას ჩვენ ვეღარ მოვითმენთ. მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული. მე ეს უბრალოდ არ მენატრება, ზუსტად ვიცი, რომ ეს დრო დადგება საქართველოში და თქვენთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ უარი ვთქვით თბილისში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებაზე, რადგან ათასნაირი ხმა ისმის პროვოკაციებზე და ა.შ ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქვენ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერი წინა არჩევნებისგან და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ ამ დამსახურებას გავუფრთხილდებით და ციმციმ მივიტანთ 8 ოქტომბრამდე, როდესაც დილით, ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ხმა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა შალვა კიკნაველიძესთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, ვინაიდან, საარჩევნო ოლქების ცვლილების გამო, ზესტაფონის რაიონის გარკვეული სოფლები ხარაგაულის და ბაღდათის საარჩევნო ოლქებს უჭერენ მხარს.
პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს.
"სიყვარულით, სიმტკიცით, გადამჭრელი ხმა მივცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს, კიდევ ერთხელ უარი ვუთხრათ იმას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ; კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის უზენაესი კატეგორია და არც ერთი ადამიანის დაჩაგვრად არ ღირს არც ერთი ესტაკადა, არც ერთი ხიდი არც ერთი გვირაბი, არც ერთი დაჩაგრული ადამიანის ცრემლად არ ღირს არც ერთი დამატებით მოტანილი ინვესტიცია, სწორედ ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვივლით წინ, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, კიდევ უფრო მეტად გავაჩირაღდნებთ, ავაგუგუნებთ, გავაფერადებთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ბავშვს ცრემლი არ ჩამოუვარდება. ვიაროთ მხოლოდ წინ, სიყვარულით, სიმტკიცით. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით, სითბოთი გაჩირაღდნებულ, გაფერადებულ აგუგუნებულ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოთხ წელიწადში დასრულდება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა პროექტი, რომელიც ზესტაფონს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაუბრუნებს.
ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, ამდენ მხარდამჭერს. მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარაზმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი, ჩვენი ლიდერის, პრემიერ- მინისტრის, ბატონი გიორი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ზუსტად ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული, ძალიან ღირებული თავისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი შიში იყო, როგორი ტერორი, როგორი ზეწოლა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ეს არის სრულიად საქართველოს დამსახურება“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, ქვეყანაში ძალადობა აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ვინც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი იქნება ციხეში.
„ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები. ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციას ჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ. ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვების, მაგრამ მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში. ჩვენ კარგად გვახსოვს 90 წლებიდან მოყოლებული, თუ რამდენად მძიმეა ძმათა დაპირისპირება. ეს ჭრილობები ჯერაც ვერ მოუშუშებია ჩვენს სამშობლოს. არსებობს უფრო თანამედროვე და უფრო ცივილიზებული გზა, ეს არის არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ უთხრა არა, იმიტომ, რომ ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობა აღადგინონ, ძალადობა დააბრუნონ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, 8 ოქტომბერს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად განვითარდეს.
„გუნდი, რომელიც დღეს თქვენთან არის წარმოდგენილი ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ბატონი პრემიერი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთეზე, სიყვარულზე, კეთილდღეობაზე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითრდეს ეკონომიკურად. შესაძლებელი იყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემცირება რაოდენობრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. მინდა წარმატებები გისურვოთ”,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ნიუპრესი