მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონობა შეინარჩუნა
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ჩემპიონატი კალიფორნიაში გაიმართა.
ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.
მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.
ასევე, მერაბ დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.
ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნურმაგომედოვმა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა, თუმცა მისი თქმით, იცოდა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა რთული იქნებოდა და დვალიშვილის პერფორმანსი არ გაკვირვებია.
„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.
დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.
ავტორი: