|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერს უფლებამოსილება ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო აღარ შეუწყდება

მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს, - ამის შესაბამისი ცვლილება  ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

  ინიციატივის თანახმად,  საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები იცვლება.  

 “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება - ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს. საკრებულოს შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა,  ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი.

თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მიერ, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის პროექტი დააინიციროს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა.

მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი