|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა. ის ამ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. 
 
გიორგი თავაძეს განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილისა და გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ს. ახმეტელის სახელობის თეატრში, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სხვ. სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგმული აქვს უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, თომას მანის „მარიო და ჯადოქარი“ და სხვა. გარდა ამისა, არის მხატვრულ-დოკუმენტური სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ 15 სერიის მხატვრული სცენების დამდგმელი რეჟისორი. 2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას „წლის საუკეთესო რეჟისორის“ ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის „მაგიის საოცრებანი“.
სამინისტროს ცნობით,  სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა 2022 წლის 4 თებერვალს ჩაიშალა, ხოლო განმეორებით კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ქუთაისის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ორი კანდიდატურა კულტურის მინისტრის მიერ განსახილველად წარედგინა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელმაც კენჭი უყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო გიორგი თავაძემ. შესაბამისად, სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასანიშნად გიორგი თავაძის კანდიდატურა წარუდგინა.
 

ავტორი: