|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მგონია, რომ ჩემი ნახატებიდან ვარ გადმოსული"

„მგონია, რომ ჩემი ნახატებიდან ვარ გადმოსული და არ ვარ ამ საზოგადეობის წევრი“, – ასე დაიწყო საუბარი ახალგაზრდა მხატვარმა თეკა მეგენეიშვილმა.  

თავიდანვე გაუსვა ხაზი, რომ ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა სიტყვაძუნწობა მხატვრობის სიყვარულმა მაინც დააძლევინა. გაგვიმხილა, რომ ხატვის დროს მასში ზებუნებრივი ძალები შემოდის და  არასოდეს ფიქრობს წინასწარ, რა დახატოს.

„თვითონ მოდის აზრები, არ ვფიქრობ ხოლმე, რა  დავხატო. თავი მტკივდება და მერე ვიწყებ ხატვას, თავისით ფეთქდება, რაღაც ჩემში და გადმომაქვს.  არ მაქვს ნაფიქრი, ისე ვასრულებ, მერე ვუყურებ და ვფიქრობ, ეს როგორ დავხატეთო. რომ ვაკვირდები, რაც ხდება ჩემში, იმას გადმოვცემ. არ ვიცი, რა ქვია ჩემს მიმართულებას, ამასწინათ ვფიქრობდი, მაგრამ ვერ დავარქვი  სახელი“, –ამბობს თეკა მეგენეიშვილი.

ამბობს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერავინ ხედავს და ხვდება იმას, რასაც მხატვარი გადმოსცემს. არც ცდილობს აუხსნას ვინმეს, რადგან თვლის, რომ ყველამ თავისი წარმოდგენა უნდა შეიქმნას. მისი ნახატებიც უფრო აბსტრაქციულია, რასაც ახსნა არ სჭირდება, ის იძლევა თავისუფლებას ყველამ აღიქვას ისე, როგორც ხედავს.

„ჩემი ნახატები კოსმიურია, არაამქვეყნიური, ისევე როგორც მე, შემთხვევით ვარ აქ. რომ ვაკვირდები ჩემს ნახატებს,  ნახატებიდან ვარ გადმოსული, შეიძლება იმიტომ ვხატავ, რაღაცაც ვეძებ, მინდა, რომ დავბრუნდე ნახატებში. რომ შემეძლოს, დედამიწაზე არ ვიქნებოდი, რადგან ამ საზოგადოების წევრი არ ვარ, ბავშვობიდან ჩემს სამყაროში ვცხოვრობ.  წარმოუდგენელია, მაგრამ, რასაც ვხატავ, მერე სრულდება.  რაც მოხდება, ის მომდის აზრად და ვხატავ. ამ ბოლოს დავაკვირდი  წლების წინანდელ ნახატებს და რომ გადავხედე, მერე მივხდი ეს ფაქტები ჩემს ცხოვრებაში მომხდარი იყო. არ მომწონს,  რომ სრულდება ჩემი ნახატები. თავიდან, ხატვის პროცესში  ნახატებს სახელებს არ ვარქმევ, დრო მიჩვენებს რა უნდა ერქვას“,–განაცხადა თეკა მეგენეიშვილმა.

 

38 წლის ქუთაისელ მხატვარს რამდენიმე გამოფენაში აქვს მონაწილობა მიღებული, ემზადება პერსონალური გამოფენისთვისაც, რომელიც 2018 წელს „ვარლაში“გაიმართება. მან ჯერ ქუთაისში სამხატვრო აკადემიის ფილიალი, შემდეგ თბილისის სამხატვრო სკოლა დაამთავრა ტანსაცმლის მხატვრული დიზაინის განხრით.

„არ მინდოდა გამოფენა, მეგობრების თხოვნით გავაკეთე. 2018 წელს მექნება პერსონალური გამოფენა.  ხალხს მოსწონს ჩემი ნახატები, მაგრამ მე არ ვყიდი ნახატებს, ვერ მივყიდი მას, ვისაც კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი, რომ გაიგებს მნიშვნელობას. ქუთაისში, ერთ–ერთ გამოფენაზე ქალაქის მერმა ნუგზარ შამუგიამ განაცხადა: მე ვიყიდი ამის ნახატსო და ვუთხარი, რომ  ნახატს არ მივყიდდი.  რა თქმა უნდა, ყველას გაუკვირდა, როგორ გავბედე, მაგრამ ჩემი ნახატი იყო და ჩემი გადასაწყვეტი, ვის მივყიდი.   არ მინდოდა ჩემი ნახატი მას ქონოდა. ზოგადად, შეკვეთით არ ვხატავ, ვერ დავჯდები და ვერ შევქმნი ასე ნახატს, როდესაც ვისმესთვის ვხატავ, ჯერ ვფიქრობ მასზე, უნდა გადმოვცე ის, რასაც ვხედავ მასში“, –განაცხადა თეკამ.

ხატვისათვის მხოლოდ ტილოს არ იყენებს, ტატუს სალონში მუშაობს, თუმცა თვითონ ტატუს არ ატარებს. 
„არ მესმის, როგორ იხატავენ იმას, რაც შეძლება არაფერ შუაში იყოს მათთან. მოდიან და მეუბნებიან, რომ რაიმე მოდური დავახატო, ან მევურჩიო, ან თვითონ არჩევენ ადგილზე. თუ შევატყვე, რომ შინაგანი სიცარიელეა ადამიანში, მას მხოლოდ სურვილს ვუსურვებ, თუ ადამიანი გააზრებულად მოდის, მას ვეხმარები. რჩევასაც ვაძლევ. მე ტატუ არ მაქვს, რადგან ჯერ არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რისი სხეულზე გამოხატვაც მომინდებოდა. ისეთი რამე უნდა იყოს, მისი შეხედვა მნიშვნელოვან მომენტს მახსენებდეს, რადგან წლობით რჩება შენთან და მოდურობისთვის დახატული მოსაბეზრებელია".

ბავშვობიდან განსხვავებული იყო, პროფესიად ექიმობა უნდოდა, თუმცა როგორც იხსენებს, ყველა რვეული ნახატებით იყო სავსე, რაც შემდგომ პროფესორს აჩვენა. ამ ფაქტმა მის მომავალ პროფესიაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

 

 

მის ნახატებში ყველა ფერს ნახავთ, არც აქვს გამორჩეული ფერი, ქმნის ფერების და აზრების ერთობლიობას. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ძნელია მხატვრის განცდების გაგება, უბრალოდ, მის ნახატებში ყველა განსხვავებულს დაინახავს, რაც არის ალბათ მხატვრის ნიჭიერება, არ მოექცეს ჩარჩოებში და გადაკვეთოს ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. თავადაც ამბობს, რომ არასოდეს დახატავს ნატურმორტებს და პეიზაჟებს, რადგან მისი თვითმყოფადობა განსხვავებულსა და არამატერიალურშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა