|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვშიშობთ, ეს პროცესები ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება"

ქუთაისში, ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულება შეიქმნა, რომელიც  საავადმყოფოში დაგროვილი ნარჩენების გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს.  მოსახლეობამ აღნიშნული დაწესებულების ფუნქციონირების გამო შეშფოთება გამოთქვა. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, გამონაბოლქვმა მათ ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნათ.

„ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენად არის ეს პროცესები უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან გვაშინებს ის ფაქტი, რომ სამედიცინო ნარჩენების  წვა ხდება, ვშიშობთ, რომ ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება“,-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფო ნიჩაბაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას იმერეთის ტუბერკულოზისა და ინფექციური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, კონსტანტინე გვეტაძე შეხვდა და დაწესებულების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  კონსტანტინე გვეტაძის განცხადებით, გამონაბოლქვი მოსახლეობისთვის საზიანო არ არის. მისივე თქმით, დაწესებულება ევროპული სტანდატების გათვალისწინებით ფუნქციონირებს.

„მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია ქონდა, რამაც მათში შიში გამოიწვია,  თუმცა დეტალურად ავუხსენით დაწესებულების ფუნქციონირება, რაც მათთვის გასაგები გახდა“,-აღნიშნა კონსტანტინე გვეტაძემ.

მისი თქმით,  სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულება უზრუნველყოფს ინფექციური კონტროლის გაფართოვებას  და სამედიცინო  დაწესებულებიდან  ე.წ  სარისკო ნარჩენების გაუვნებელყოფას,  რომელიც ავრცელებს სხვადასხვა ინფექციებს.  მათი დამუშავება  მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით  ხდება,  გამონაბოლქვი კი საფრთხის შემცველი არ არის.  

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა სამედიცინო ნარჩენების სწორი რეგულაცია. ახალი პროფილის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ავტოქარხნის ტერიტორიაზე   მოეწყო,  უზრუნველყოფს,  რომ სამედიცინო ნარჩენები სრულად იქნეს მოვლილი.

 გარემოს დამცველი თეიმურაზ კეპულაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებს ვალდებულება ეკისრება, იზრუნონ სამედიცინო ნარჩენების გაუვნებლყოფაზე.

 „მთელი მსოფლიო გადასულია სამედიცინო ნარჩენების ინსინირაციაზე, სადაც ხდება ნარჩენების მაღალ ტემპერატურაზე წვა. სამედიცინო ნარჩენი არის სახიფათო ნარჩენები, ამიტომ  სამედიცინო დაწესებულებებს ვალდებულება ეკისრება, რომ იზრუნონ მის გაუვნებელყოფაზე”,- აღნიშნა გარემოს დამცველმა თეიმურაზ კეპულაძემ.

სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი დაწესებულების არსებობა, გარემოს ზედამხედველობის შეფასებით, მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ არის.  

ამ თემაზე:

ქუთაისის საავადმყოფოების ეზოები ვიდეო უკომენტაროდ

ავტორი: ანი ლიპარიშვილი