"უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ის საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყონ და მესამე პრეზიდენტი მულტიფუნქციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
უკრაინული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, საგარეო აღნიშნავს, რომ უკრაინის საელჩოს დიპლომატები დასტურს ელოდებიან, რათა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. მათი ინფორმაციით, თანამშრომლები ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე მესამე პრეზიდენტის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.
"უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას", - წერია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი