„მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი"
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვანსა და ხონში გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, დარღვევები გადასატან ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანას უკავშირდება.
„მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაც ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ“, - აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციის განცხადებით, ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა.
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ, დაირღვა ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაშიშეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ჩვენს მიერ გადამოწმებული ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე. ცალკეულ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებს აფიქსირებდნენ, რაც ზეპირი შენიშვენების დაფიქსირების შემდეგ აღმოიფხვა. ასეთ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.
კვლავ დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნისმიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.
საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები:
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე - 4 შემთხვევა (ვანის #6, #9 ხონის #26 საარჩევნო უბნები); კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტები:
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრები.
ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი“, -ნათქვამია საიას განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი