"მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ კუთხით წარმართვას" (R)
"ქართული ოცნება-დემოკრატიული სქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილი ბრიფინგი გამართა.
"გვინდა გამოვეხმაუროთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია, რაც თავისთავად აღნიშნავს ნატოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე, რომლებიც გუშინ მივიღეთ ნატოს გენერალური მდივნისგან და ასევე სხვა წევრებისგან, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი და თანაც, საქართველო, განსაკუთრებულად ეფექტურად და სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაუახლოვდეს ნატოს და გახდეს მომავალში ნატოს წევრი, ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად, განვივითაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ქვეყანა და შევიქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და არის ასევე იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ახორციელებს ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის თანმიმდევრული და რომელიც არის მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, შეიძლება ითქვას პრაგმატულიც. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ სწორედ აი ამ კუთხით წარმართვას ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რაც აუცილებლად გახდება გარანტი ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარების, როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა.კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ ნატოს გენერალური მდივნის შეფასებებს და გამოვხატავთ სურვილს და მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენის მხრივ იმისთვის, რომ ნატოსთან კავშირი, ნატოსთან დაახლოება, ამ ურთიერთობების გაღრმავება სულ უფრო მეტად გაგრძელდეს",- აღნიშნა ჩუგოშვილმა
ავტორი: ანი ლიპარიშვილი