მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე დღეს ექსპერტები დაიკითხებიან
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდა.
მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება. მის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე იცავს.
მორაგბეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ ლევან სამხარაულის ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომლებმაც სატრანსპორტო ტექნიკურ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დადეს დასკვნა. იგივე შუამდგომლობა დააყენა კვირიკაშვილოს ადვოკატმა. მისი თქმით, საჭიროა დაიკითხნონ ექსპერტები, რადგან მათ მიერ დადებული დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს. მოსამართლემ მოთხოვნა დააკამაყოფილა, რის შემდეგაც სხდომა დღეისთვის ჩაინიშნა.
საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.
შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი