"მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა"- ირაკლი კიკვაძე
"მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა" - აცხადებს ლეიბორტული პარტიის წევრი, ირაკლი კიკვაძე, რომელიც ქუთაისის მერიას პარტიული ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. კიკვაძის თქმით, ის 2015 წლიდან ქუთაისის მერიაში მუშაობდა, თუმცა წინა მერის დროს მას პოლიტიკური ნიშნის გამო პრობლემები არ შექმნია.
"2006 წლიდან ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრი ვარ, ორჯერ ვიყავი ჩემი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში. მიუხედავად ამისა, 2015 წელს დავინიშნე კონკურსის გზით ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში, საკმაოდ მაღალი შედეგი ვაჩვენე კონკურსზე. ქუთაისის მერიის წინა ხელმძღვანელობას ჩემთვის არანაირი პოლიტიკური პრობლემა არ შეუქმნია, რადგან ის არ იყო პარტიულ კონიუქტურას დაქვემდებარებული ჯგუფი, ახლა კი მოვიდნენ აგრესიული ქოცები, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გახდა ქალაქის მერი და მოიყვანა თავისი აგრესიული, პარტიული აქტივი და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა", -აცხადებს ირაკლი კიკვაძე.
მისი თქმით, ე. წ. რეორგანიზაციის დროს მერიის კულტურის სამსახურიდან ააიპში გადაიყვანეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ააიპიდან უფრო ადვილად გაათავისუფლებდნენ.
კიკვაძე სპორტული ააიპის ხელძღვანელის კობა ფხაკაძის განცხადებასაც პასუხობს, სადაც ფხაკაძე იმის ნიშნად, რომ კიკვაძე პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებია, აცხადებს, რომ სამსახურში რჩება კიკვაძის და, რომელიც ამავე დროს ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ლიდერის სამსონ გუგავას მეუღლე და პარტიის წევრია.
"ჩემი და პარტიის წევრია, მაგრამ არ არის აქტიური წევრი, თუმცა ის იმ მიზეზით ვერ გათავისუფლეს, რომ ამ დროისათვის ააიპში ერთადერთი კადრების სპეციალისტი იყო, თუმცა შემდეგ დაამატეს კადრების მეორე სპეციალისტი, რაც აჩენს ეჭვს, რომ შემდგომში ჩემს დასაც გაათავისუფლებენ, ამასთან ის უვადო ხელშეკრულებით არის აყვანილი. რაც შეეხება ჩემს ვითომდა გამოსაცდელი ვადით აყვანას, ეს სიცრუეა, მსგავსი ხელშეკრულება არ არსებობს. ჩემი გათავისუფლების საკითხი მერის კაბინეტში გადაწყდა, ფხაკაძემ ჩემი გათავისუფლების ბრძანება ქალაქის მერის თანხმობითა და მითითებით დაწერა", - აცხადებს ირაკლი კიკვაძე.
ლეიბორტისტული პარიის წარმომადგენელი აპირებს სასამართლოს მიმართოს, ამასთან უახლოეს დღეეებში ის პრესკონფერენციის გამართვას და მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის საკითხებზე საუბარს გეგმავს.
შეგახსენებთ, გუშინ პარტიის ლიდერმა შალვა ნათლაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისის მერია ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. ნათელაშვილს ქუთაისის მერიიდან სპორტული ააიპის ხელმძღვანელმა უპასუხა.
შალვა ნათელაშვილი ქუთაისის მერიას უპირისპირდება
ავტორი: ირინა მაკარიძე