|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსახიობთა სახლი ქუთაისში

სახლი წმინდა ნინოს ქუჩაზე-იტალიურ ეზოში, მე-20 საუკუნის ქუთაისის თეატრალური ცხოვრების მოგონებას ინახავს. სახლი ქუთაისის ცენტრში, ბულვარის წინ, წმინდა ნინოსა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზეა, იქვეა, სადაც ოპერის თეატრი, თოჯინების თეატრი და მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი. მსახიობთა სახლი გარედან ადვილი საცნობია, მასზე 1938 წელია ამოტვიფრული. ეს ის თარიღია, როდესაც ქუთაისში, მსახიობები მთელი საქართველოდან შეკრიბეს და აქ, ამ სახლში დააბინავეს.  ქუთაისში მოღვაწეობის წლებში აქ ცხოვრობდა ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა -იპოლიტე ხვიჩიაც.

"ნიუპრესს" მსახიობთა სახლის ბინადრები  ვაჟა ოყრეშიძე და გუდარი კოკელაძე ესაუბრნენ. 

    ვაჟა ოყრეშიძე - ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი - „მაშინ ეს სახლი სამი ოჯახისთვის აშენდა, მაგრამ  შემდეგ ოთახებად დაჰყვეს და თითოეულ ოთახში  მსახიობები შეასახლეს - ბარნაბა კოკელაძე, შალვა ხონელი, შალვა ქარცივაძე. რეჟისორი გრიშა სულიაშვილი, თავის მეუღლესთან მსახიობ სოფიკო ვაჩნაძესთან ერთად. აქვე ცხოვრობდნენ საქართველოს სახალხო არტისტები მარგო ვაჭარაძე, შოთა პირველი, თიკო ღვინიაშვილი...

-იპოლიტე ხვიჩიას შესახებ რას იყვით?

-აქ იპოლიტე ცხოვრობდა მის მეუღლესთან,  თამარ ჯობაძესთან ერთად, მათი თანაცხოვრება 7-8 წელი გრძელდებოდა,  1948 -50 წლებამდე.  თამარ ჯობაძე ქართულ კინოში შემორჩენილია „იმერულ ესკიზებში“ მათხოვარი ქალის როლით, „ფუჩეჩი-ფუჩეჩი“,  რომ ამბობს. როდესაც იპოლიტე ამ ეზოში ცხოვრობდა,  მე  მაშინ  ბავშვი  ვიყავი.  იპოლიტეს ბავშვები ძალიან უყვარდა, ძალიან  გვანებივრებდა... ჩემი ოჯახი ამ ეზოში მოგვიანებით გადმოვიდა, როცა ერთ-ერთი ოთახი გათავისუფლდა - მამაჩემი სერგო ოყრეშიძე რეჟისორი იყო, დედა ნუცა ქაჯაია-მსახიობი.   მესხიშვილის  თეატრის  შემდეგ  ის  თოჯინების თეატრში მუშაობდა... აქვე ცხოვრობდნენ თეატრის სხვა თანამშრომლები-გრიმიორი, მუსიკოსები, ერთადერთი ოჯახი, რომელიც განსხვავებული  პროფესიის  ადამიანს ეკუთვნოდა, იყო ლევან გაბრიაძის.  ეს იყო ქალაქკომის მდივანი და აქ თავიდანვე ისიც შემოასახლეს,  ეს ბინა ახლაც გაბრიაძეებს ეკუთვნით. ლევანის ვაჟი გახლავთ სახელოვანი რეზო გაბრიაძე, რეჟისორი და დრამატურგი, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა.

ბადრი კოკელაძე -  რესბუბლიკის დამსახურებული არტისტის, გუდარ კოკელაძის ვაჟი: „ამ ეზოს მთავარი დამახასიათებელი შტრიხი იყო ის,  რომ აქ ერთი პროფესიის ადამიანები ცხოვრობდნენ, ერთი ჭკუის ხალხი იყო, დილით რეპეტიციებზე ერთად მიდიოდნენ,  საღამოსაც სპექტაკლის შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ.  ამ ეზოში სახლის კარები არ იკეტებოდა, ყველანი ერთ ოჯახივით იყვნენ, სტუმარი რომ მოვიდოდა,  ყველას სტუმარი იყო.  საღამოობით ჩაის სმა და ლოტოს თამაში იმართებოდა,  რა თქმა უნდა,სასაუბრო თემა მუდამ თეატრი იყო.  ზაფხულობით,  გასტროლებზე  რომ  ჩამოდიოდნენ თეატრები, მსახიობებს ოჯახებში ანაწილებდნენ, ანუ, ამათ კიდევ ემატებოდნენ თბილისელი კოლეგები.  ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა ამბები ტრიალებდა აქ.  ეს იყო მხიარულების, იუმორის, ხუმრობის და სიმღერის ეპიცენტრი.

მამაჩემს,  გუდარ კოკელაძეს მთელი ცხოვრება იუმორში და ხალისში აქვს გატარებული,  მას მხარს უბამდა დედაჩემიც-ქ-ნი მერი... ერთხელ მამაჩემს ასეთი ამბავი დაემართა, რომელსაც შემდეგ ანეკდოტად ყვებოდნენ:  მაშინ  სასტუმრო  „ქუთაისთან“ ქუთაისელების შეკრების ადგილი იყო,  იქ მისულ გუდარს უთხრეს,  საქეიფოდ მივდივართო.  გუდარს უთქვამს,  გამომყევით, სპექტაკლი მაქვს, დასაწყისშივე მომკლავენ და მერე თქვენს გვერდით ვარო.  ერთმოქმედებიანი სპექტაკლი იყო, მსახიობმა გიორგი (ჟორა) ლასხიშვილმა გაიგო, რომ გუდარი საქეიფოდ წასვლას აპირებდა, შევიდა სცენაზე, წაიხმალავა ცოტა, მოკლა ყველა, შემდეგ „დახოცილები“ ყველა სცენიდან გაიყვანა, გარდა გუდარისა. სპექტაკლი გრძელდება, გუდარი მიხვდა, რომ ჟორა მის გაყვანას არ აპირებს და ჩუმად ეძახის, ჟორა, გამიყვანე სცენიდან, მელოდებიან, მაგრამ უშედეგოდ. გუდარმა გადაწყვიტა, თავისი თავისთვის თვითონ ეშველა და დაიწყო ფორთხვა. საათნახევრიან სპექტაკლში საათი და ოცი წუთი იფორთხა, ბოლოს მიეჭრა ჟორა - „აჰ, ეს ვერაგი ისევ ცოცხალი ყოფილაო“, “ჩასცა“ ისევ მახვილი და შეათრია სცენის შუაში. გუდარმა ვეღარ მოითმინა, წამოხტა და გავარდა სცენიდან...მაშინ თეატრის სამხატვრო ხელ-ლი აკაკი ვასაძე იყო, დაიბარა ორივე.

-ლასხიშვილო, რატომ არ გაიყვანე კოკელაძე სცენიდან?

-ბატონო, ხელი მტკიოდა და ვერ გავიყვანეო,

-კოკელაძე, როდის იყო, მკვდარი თავისით გარბოდა?

ორივეს თითო თვის ხელფასი დაუქვითეს.

როცა გოგი ქავთარაძე იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სპექტაკლები მეტი სიხშირით იდგმებოდა. გოგის უსაყვედურეს კიდეც - რა არის, ხაჭაპურებივით რომ აცხობ ამ სპექტაკლებსო. მას უთქვამს, მსახიობები დასაქმებული მყავს და ამ სპექტაკლებიდან ორი ხომ მაინც გამოვაო... ერთი სპექტაკლი ჰქონდათ, რომელშიც ნაძვის ხეების იმიტაციას აკეთებდნენ. გუდარი რეპეტიციაზე ნაბახუსევი მივიდა და ვერ ადის კუნძზე, რომ ნაძვის ხე განასახიეროს, ამის ნაცვლად ჩაიცუცქა.  ადი გუდარი ზემოთ, რას შვები? -ეუბნება, თურმე, გოგი. რა იყო, გადაჭრილი ნაძვი არ გინახავთო? - უპასუხია გუდარს.

ვაჟა ოყრეშიძე - მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრში მასიურ სცენებში მათამაშებდნენ, შემდეგ მოწაფე-თანამშრომლად ჩამრიცხეს. თეატრალურ ინსტიტუტში არ მიმიღეს, რიტმიკაში ჩავიჭერი, არადა ქუთაისის ფოლკლორულ ანსამბლში ცნობილ ქორეოგრაფებთან ვცეკვავდი, სოლისტი ვიყავი და როგორ ვერ ავუწყვე მათ მუსიკას ფეხი, არ ვიცი. პედაგოგიური სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ თეატრს ერთი დღითაც არ მოვშორებივარ. აქ ჩემი პედაგოგი და აღმზრდელი აკაკი ვასაძე იყო - ამაზე  უკეთესი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში არ იყო. აკაკი ვასაძე ქუთაისში 1958-დან 67 წლამდე მოღვაწეობდა, დაუვიწყარი იყო მისი „კოლხეთის ცისკარი“, სადაც იპოლიტე თამაშობდა დახუნდარას როლს, ეს იყო განუმეორებელი დახუნდარა, ერემო სვანაძე იყო ხაჟომიას და ნიკო წიკლაური მექის როლში. ეს სამეული ბრწყინვალე სანახაობას ქმნიდა.

ვასაძემ დადგა “მოკვეთილი“ - ესეც ბრწყინვალე სპექტაკლი იყო. “რიჩარდი“ დადგეს, სადაც რიჩარდის როლი თვითონ აკაკი ვასაძემ შეასრულა. რეჟისორულად კარგი ნამუშევარი იყო, მაგრამ თვითონ აკაკი იყო უკმაყოფილო თავისი თავით:  „მე შევცდი, რიჩარდი ათი წლით ადრე უნდა მეთამაშა, მე მაგისთვის უკვე დავბერდიო’’, არა და რა იყო, მაშინ 50 წლისაც არ იყო. ჩემი პირველი სერიოზული როლი აკაკი ვასაძემ მათამაშა. მან აღადგინა „ანზორი“ - ახმეტელისეული დადგმა და მათამაშა ახმა, რომელსაც მაშინ თვითონ თამაშობდა. აკაკი ვასაძის წლებს ვიგონებ, როგორც ქუთაისის თეატრისათვის ყველაზე საუკეთესო პერიოდს -საუკეთესო სპექტაკლებს დგამდა, აკადემიურს. ასევე განუმეორებელია გოგი ქავთარაძის ხელმძღვანელობის პერიოდი.

შემოქმედებითი მუშაობა ძალიან მაღალ დონეზე იყო და შედეგიც მივიღეთ - მაშინ ყველაზე დიდი აღიარება მოსკოვში საგასტროლოდ წასვლა იყო. იქ შეხვედრა მოგვიწყვეს ცენტრალურ კომიტეტში და გვითხრეს - „ჩვენ, მოსკოვში, რესპუბლიკის მეორე ქალაქის თეატრები არ ჩამოგვყავს, მხოლოდ დედაქალაქის თეატრები და ისიც ორი სპექტაკლით“.  მართლაც ასე იყო-რუსთაველის თეატრი აქ მხოლოდ ორი სპექტაკლი ჩამოდის და თქვენ ექვსი სპექტაკლით ჩამოგიყვანეთ, ეს კი ამ კაცის, გოგი ქავთარაძის დამსახურებააო -ეს იყო 1981 წელს.

დავუბრუნდეთ ისევ ამ ეზოს - "იმ დროს მოდაში იყო ჩაის სმა, თიკო ღვინიაშვილის ოთახში იკრიბებოდნენ, მიდიოდა ჩაის სმა, ლოტოსა და ნარდის თამაში, სპექტაკლების განხილვა, იყო ხუმრობა, მსახიობებს ტოლს არ უდებდნენ მათი მეუღლეებიც...  ოინი მოუწყვეს მსახიობ მარგო ვაჭარაძეს. მას თურმე ხშირად თავბრუ ეხვეოდა, როცა ოთახიდან  გამოვიდა, ყველა სურათი თავდაყირა დაუკიდეს, საწყალს  ეგონა, ცუდად ვარო და ქალბატონ მერის მიაკითხა, გუდარის მეუღლეს, უთხრა, კედელზე ყველა სურათი უკუღმა ჰკიდიაო, დაამშვიდეს, ალბათ მოგეჩვენაო, სანამ ისინი ოთახში უკან დაბრუნდნენ, ოინბაზებმა სურათებისათვის თავდაპირველი მდგომარეობის დაბრუნება მოასწრეს, მარგო გაოგნებული იყო",-იხსენებს ვაჟა ოყრეშიძის მეუღლე ქ-ნი ნუნუ.

იტალიურ ეზოში აივანიც საერთო იყო, წყალიცა და საპირფარფარეშოც. ონავარი ბავშვები დილით სახურავზე აძვრებოდნენ და კარებს შიგნიდან კეტავდნენ. როდესაც ცოცხალ რიგში  ყველა მეზობელი აღმოჩნდებოდა, მერე იწყებდნენ გარკვევას, აბა, იქ ვინ არისო, ამ „სიცილსა და მხიარულებაში“ იპოლიტეც ერია, მისი ერთი გავლაც საკმარისი იყო, რომ უკვე ყველა სიცილით კვდებოდა, -ამბობს ბ-ნი ვაჟა - ასეთი გვახსოვს ჩვენც-მხიარული...

ამ ეზოში თავისი ბავშობა გაატარა რეზო გაბრიაძემ, როგორც ბ-ნი ვაჟა ამბობს, ისიც „კაი მაკვარანცხი“ ვინმე ყოფილა: გრიმიორი, რომელიც ამ ეზოში ცხოვრობდა ფეხბურთის საოცარი გულშემატკივარი იყო. რეზომ მისი ოთახიდან რადიოს ხაზი გამოიყვანა შოთა პირველის ოთახში და იქედან დაიწყო ფეხბურთის მატჩის კომენტარის გადმოცემა. ვითომ თბილისის „დინამო“,  რომელიღაც ძლიერ  გუნდს ეთამაშებოდა. გალაქტიონი, ჩვენი გრიმიორი დაიხმარა. გალაქტიონმა ბავშვები შეგვიყვანა ოთახში და გვითხრა“ მე რომ გეტყვით, თქვენ „გოლ“ დაიყვირეთო. მართლაც ასე ვქენით, 7-ით ნოლი „მოვაგებინეთ“ დინამოს. პატარა ოთახში ჩვენს ყიჟინას ექო ჰქონდა-დამაჯერებელი რეპორტაჟი გამოგვიდა, მეორე ოთახში უფროსები გაფაციცებით უსმენდნენ რეზოს გადმოცემულ მატჩს. მაშინ რეზო სკოლის მოსწავლე იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ აქედან წავიდა, სწავლა უკრაინაში გააგრძელა. მან ისე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, მამამისისგან ფული არ მიუღია - „მე მინდა, ჩემი შრომით მივაღწიო მიზანს და არა მამაჩემის ფულით და დახმარებითო“ ,-ამბობდა რეზო, ღამით მუშად მუშაობდა და დღისით სწავლობდა, თავისით მიაღწია ყველაფერს.

ძველი მეზობლებიდან წმინდა ნინოს 21-ში, მაშინდელ 1905 წლის რევოლოციის 23-ში მხოლოდ კოკელაძეებისა და ოყრეშიძეების ოჯახები შემორჩნენ. გუდარის ვაჟმა, ბ-მა ბადრიმ მსახიობობას  მშენებლის პროფესია არჩია,  მისი ქალიშვილი თამთა კოკელაძე კი ჟურნალისტია. მამის ტრადიციას ვაჟა ოყრეშიძის ვაჟი აგრძელებს. ლაშა ოყრეშიძე მსახიობია, ის ცნობილია კინოფილმიდან „ანთიმოზ ივერიელი“-ანთიმოზის როლში.   

 

                                

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა