მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „პატიმრობის ალტერნატიული სასჯელები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ერთობლივად ტარდება.
ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროპის კავშირის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოციალური ინკლუზიის პოლიტიკაა, რომლის ძირითადი მიზანია „ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, შეიქმნან ღირსეული ცხოვრების პირობები, მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.“ ქართულ პენიტენციურ სისტემაში კონკრეტული სერვისების დასანერგად მოხდა საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა, რის შედეგადაც შემუშავდა სახელმძღვანელო:“პენიტენიურ სისტემაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მქონე პატიმართა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები.“ გარდა ამისა, გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების საჭიროების კვლევა ჩატარდა, მისი შედეგების მიხედვით კი განისაზღვრა წამალდამოკიდებულ პირთა ზრუნვის ციკლი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაპირველად ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფს ციხეებში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისა და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების თემატიკაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მუშავდება და ინერგება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები. ფსიქო-სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიანად განხორციელება ამცირებს მსჯავრდებულთა მხრიდან არასათანადო ქცევის რისკს, ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზოგადად ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სისტემამ საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა ნარკოლოგიური სერვისების გაუმჯობესების კუთხით.ვიმედოვნებთ, აღნიშნულ პროცესში, მომავალშიც აქტიური მხარდაჭერა გვექნება როგორც ევროპის საბჭოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან,“-განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
პომპიდუ ჯგუფის პროექტის მთავარი კონსულტანტის რობერტ ელსროუს განცხადებით აღნიშნული კონფერენციის თემატიკა პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებები და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაა.
„კონფერენციაზე მოწვეული გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელორუსიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულ დამნაშავეთათვის თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიებებისა და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მიმართლებებზე,“-განაცხადა რობერტ ელსროუმ.
საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი