|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიო ბანკის ინვესტიციით, საქართველოს 1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ  35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან. პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500,000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროექტი დიდწილად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტთან წვდომის გავრცელებას.

„ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიო ბანკთან საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. დღეს დამტკიცებული პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავების შემცირებას, რასაც დიდწილად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტთან წვდომის გავრცელება“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

პროექტი განხორციელდება არამეწარმე, არაკომერციული იურიდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

ავტორი: ნიუპრესი